ყვითელი ჟილეტები

"ყვითელი ჟილეტების" აქციების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ პოლიციამ პარიზში 147 ადამიანი დააკავა

Getty Images

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციების დაწყებიდან ერთი წლის გასვლის აღსანიშნავად პარიზის და სხვა ფრანგული ქალაქების ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა.

აქციების მიზანი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისათვის მესიჯის გაგზავნა იყო. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ მისი მთავრობა ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებზე არ ზრუნავს.

პარიზში აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ ბარიკადები დაწვეს, პოლიციას ქვები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და 147 მეტი ადამიანი დააკავა.

"ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციები გასული წლის 17 ნოემბერს საწვავზე ფასის ზრდის გამო დაიწყო და ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო, თუმცა შედეგად აქციები არ შეწყვეტილა. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. ის მოსახლეობას გადასახადების შემცირებას, პენსიების ზრდას და სხვა რეფორმებსაც დაჰპირდა.

მაკრონის დაანონსებული რეფორმები მოქალაქეების მიერ რეფერენდუმების შეთავაზების გამარტივებას, პარლამენტის ქვედა პალატაში წარმომადგენლების 20%-ს პროპორციული წესით არჩევას, კლიმატის პოლიტიკის საითხებზე მოქლაქეთა საკონსულტაციო კომიტეტის შექმნას და წელიწადში ერთხელ პარლამენტში მიგრაციის პოლიტიკის განხილვას მოიცავს.

მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

კომენტარები