ყვითელი ჟილეტები

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

Reuters

საფრანგეთის დედაქალაქში ტრიუმფალურ თაღთან მიმდინარე "ყვითელი ჟილეტების" აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს 50-მდე ადამიანი.

საფრანგეთში აქციები უკვე მეცხრე კვირაა გრძელდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ.

აქციებზე პარიზის სხვადასხვა უბანში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია მიმდინარეობდა იმ ტერიტორიის მახლობლადაც, სადაც საცხობში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას ორი მეხანძრე და ესპანეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

აქციების გამო გადაკეტილია პარიზის ცენტრი, მათ შორის ხიდები მდინარე სენაზე. პარლამენტის და პრეზიდენტის სასახლის დასაცავად პოლიციის ბარიერები განათავსეს. აქციების გამო პარიზში მობილიზებულია 5,000 პოლიციელი, ხოლო მთელი საფრანგეთის მასშტაბით 80,000-მდე.

2,000-მდე ადამიანი შეიკრიბა სტრასბურგშიც ევროპული პარლამენტის შენობასთან. მომიტინგეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

კომენტარები