ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა

სალომე ზურაბიშვილი
UN

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მძიმე კრიზისია შექმნილი და ამ ყველაფერმა დღეს კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. 

"პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი,"- წერია განცხადებაში. 

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშეს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმდჯომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს ეგენრალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურჩის, ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს, ჩიჰან სულტანოღლუს, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიჩალკას, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაშელესა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, მიმართა. 

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 6 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები