ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

ბოკერია: ჩვენ არანაირი როლი არ მიგვიძღვის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ბევრმა მოსალოდნელმა მხარემ ძალიან ცუდი ფორმით გააკეთა განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში საკუთარ როლზე. ამის შესახებ ბოკერიამ TV ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"არც მე, არც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არანაირი როლი არ მიგვიძღვის ამ ძალიან კარგ ამბავში, რაც ახლა მოხდა, ვერც დავიკვეხნით და არც დავიკვეხნით. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, ამ ქვეყნის მოქალაქეების ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არსებობს ინსტრუმენტები ამ ტიპის რისკების შესამცირებლად და მოვახდინოთ წნეხი ხელისუფლებაზე, რომ ასე იქცეოდეს.

რაც შეეხება იმას, ვინც რაღაც პლუსად იწერს, რომ მტერმა გააგებინა წინასწარ, რომელ საათზე გამოუშვებდნენ ჩვენს გამორჩეულ მოქალაქეს, პატრიოტს და ექიმს, ეს პირიქით საბუთია ქვეყნის ღალატის, როცა მტერთან ისე ხარ შეკრული, რომ როცა საერთაშორისო წნეხის გამო მოუწია ამ მოქალაქის გამოშვება, წინასწარ გითხრეს, სადაც მიხვიდე" - თქვა ბოკერიამ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" და აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რატომ არის აუცილებელი აქტიური საერთაშორისო მუშაობა და რუსეთის მუდმივად წნეხის ქვეშ ყოლა.

"ზოგადად საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების მოტაცება რჩება ძალიან მწვავე პრობლემად, რომელიც ყოველ დღე შეგვახსენებს თავს და ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც ქვეყანა და ხელისუფლება რომ გვყავდეს ნორმალური, ვალდებულია, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მტერს მიაყენოს პოლიტიკური, ეკონომიკური ტკივილი და ამით შეამციროს ჩვენი ქვეყნის ტკივილი. ექიმი გაფრინდაშვილის შემთხვევა არის დასტური, რომ ეს მუშაობს და რუსეთს იმუნიტეტი ვერ აქვს ამ ტიპის წნეხისგან მთლიანად. მე არ ვიძახი, რომ გარანტია არსებობს რამის, მაშინ პუტინის რუსეთი ის ბოროტება არ იქნებოდა, როგორიც არის, მაგრამ მას პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტკივა და ეს კამპანია, რაც იყო გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ამის საბუთია", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ "საზღვრის უკანონო გადაკვეთას" ედავებოდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

საოკუპაციო ხაზთან გუშინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ მან იცოდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ.

კომენტარები