არჩევნები 2020

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის მხოლოდ მომგებიანია, მაგრამ ეს არ განიხილება

ქართული ოცნების დეპუტატია ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. ამის შესახებ იმ საკონსტიტუციო ცვლილების ავტორმა, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, TV პირველის ეთერში თქვა.

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მიიღება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა...

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის სუბიექტურად მხოლოდ მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არანაირად არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 31 ოქტომბერს და ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ მიზნით ვიმოქმედოთ, ჩვენ სამზადიოსი უკვე დაწყებული გვაქვს" - ამბობს კობახიძე.

პარლამენტთან მოქალაქეების აქცია დაიწყო. რამდენიმე ათასი ადამიანი ითხოვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გარდამავალი მთავრობით და პროპორციული წესით. 

პარლამენტთან საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

მოქალაქეები სწორედ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები