პროპორციული საარჩევნო სისტემა

შსს: აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძრაობის "სირცხვილია" დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ითვალისწინებს. უწყება წერს, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება აკრძალულია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი,"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, შსს წერს, რომ ისინი კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას დაიცავენ. 

რამდენიმე საათის წინ მოძრაობის "სირცხვილია" ერთერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მოძრაობა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლებებს დაბლოკავს

ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები