პროპორციული საარჩევნო სისტემა

პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

შოთა დიღმელაშვილი

პარლამენტის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - აქციის ორგანიზატორების მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები არიან.

"ორი დღეა, ვხედავთ, როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ჩვეული "ტრიუკის" მოწყობას და საზოგადოებისთვის მიცემული პირობის დარღვევას. მაჟორიტარები, რომლებიც პარლამენტში ყოფნის დროს არცერთხელ წასულან ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ, ახლა, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში დგამენ "მონათა ჯანყის" სპექტაკლს.

სამოქალაქო საზოგადოება არ დაუშვებს მისი უმთავრესი მონაპოვარის - პროპორციული არჩევნების ჩაგდებას. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა და დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ხალხთან თამაში არ გაუვათ", - წერენ ისინი.

დღეს, ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

კომენტარები