პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული ოცნების ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების მერე თქვა, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და ისინი კვლავ უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს.

„ჩვენ ვიცით, პროპორციულის რისკებიც და უპირატესობებიც და ამ უპირატესობების გამო, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძისა და ირაკლი შიოლაშვილის მიერ მანდატის დატოვებას, მდინარაძე ამბობს, რომ ისინი მანდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ვინმე გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს.

„დიმიტრი ხუნდაძეს და ირაკლი შიოლაშვილს პოზიციებს მე ვიცნობ, თუ ვინმე დააძალებს მათ გადაწყვეტილების მიღებას ისინი ამბობენ, რომ მანდატს დატოვებენ. მე ეს პირად საუბარშიც დავაკონკრეტებინე მათ“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ.

კომენტარები