ჯანდაცვის სისტემა

6 ექიმს ლიცენზია სამუდამოდ შეუჩერდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ ტაბულას უთხრა, რომ ამის მიზეზი მათ მიერ შესრულებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად დამდგარი ლეტალური შედეგი გახდა. 

"მიზეზი ის იყო, რომ მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად ლეტალური შედეგი დადგა, ანუ ადამიანი გარდაიცვალა. ხარისხი შესწავლილ იქნა სპეციალისტების ​მიერ, გარკვეული საექსპერტო დასკვნა იქნა დადებული ამასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ექიმების მხრიდან დარღვევები, საკითხი გავიდა პროფესიული განვითარების საბჭოზე. საბჭომ კოლეგიალურად იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება", - თქვა ზაალ კაპანაძემ. 

მისივე თქმით, სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.

"გადამოწმებულ იქნა სანებართვო-სალიცენზიო პირობები, გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც დაჯარიმდნენ და მიეცათ გამოსწორებისთვის გონივრული ვადა. 

ასევე, გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები - არაუფლებამოსული პირების მიერ ხელის მოწერილი ჰქონდა მოწერილი სხვა ექიმის სახელი სხვა ექიმს. ეს სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და გადავგზავნეთ შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებში", - ამბობს კაპანაძე.

კომენტარები