ევროპული საქართველო

უგულავა მეუფე პეტრეზე: ბნელზე ბნელი, რელიგიური ფეოდალი, პოლიტიკურად უფრო რუსოფილი, უმადური

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა "აბსოლუტურად მდარესა და არაადეკვატურ დისკურსს" უწოდებს ეკლესიაში მიმდინარე პროცესების ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დისკურსში განხილვას. 

უგულავას თქმით, ეს მდარე დისკურსი ხელისუფლების მიერაა შემოთავაზებული, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია აყვა. 

"იქ პრობლემები გაცილებით უფრო ფართო და ღრმაა, ვიდრე რაღაც ეს პრიმიტული ნაც-ქოცური დისკურსი, რომელსაც [ბიძინა] ივანიშვილი აგერ უკვე მე-7 წელია, გვთავაზობს,"- ამბობს უგულავა ტვ პირველის ეთერში. 

უგულავას თქმით, ის, რომ ეკლესიაში ღრმა პრობლემებია ეს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას 10 ნოემბრის ინტერვიუშიც კარგად ჩანდა. ის მეუფე პეტრეს მართლმადიდებლურად უკიდურესად ბნელს უწოდებს. 

"[პეტრე ცაავამ] გაამართლა ის, რომ კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ წავედით, ის ამ არწასვლის მომხრე იყო და ამას შერეული ქროწინების საკითხით ამართლებს მაშინ, როდესაც იქ აბსოლუტურად სხვა თეოლოგიური კონტექსტი იყო,"- ამბობს გიგი უგულავა. 

10 ნოემბერს მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა თქვა, რომ კრეტის მსოფლიო კრებაზე არწასვლის მიზეზი ის არის, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია შერეული (ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ და კათოლიკე მრევლს შორის) ქორწინება. უგულავა პეტრე ცაავას ამგვარ ხედვას "აბსოლუტურად ამორტიზებულს" უწოდებს. 

"თეოლოგიურად მოცვეთილი პოსტულატია და სამოქალაქო თვალსაზრისითაც აბსოლუტურად წილნაყარია ველურობასთან,"- ამბობს გიგი უგულავა. 

უგულავას შეფასებით, პეტრე ცაავამ "სიბნელე" გამოიჩინა ასევე ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა თუნდაც სულის ცხონებისა და რუსეთის საკითხები. 

"რუსეთის მიმართ აბსოლუტურად ამბივალენტური დამოკიდებულება [აქვს], რომ კი, ვითომ ცუდია, მაგრამ შეიძლება იქ რაღაც... პრაქტიკულად, გუშინ ვიხილეთ რელიგიური ფეოდალი და არაფრით განსხვავებული მსოფლმხედველობით მმკ-სგან.

ჩვენ ეს კარგად უნდა გვემოსდეს, არ უნდა დავიჭიროთ არცერთის მხარე,"- ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, შეგვიძლია გავაკეთოთ იმ საკითხების ჩამონათვალი, სადაც პეტრე ცაავა პოზიციონირებს, როგორც აბსოლუტურად ბნელი და პოლიტიკურად უფრო მეტად რუსოფილი. 

"მისი გამოცდილებიდან გამონაკლისი მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაა, რაც პრაქტიკულად დროის საკითხია,"- ამბობს უგულავა. 

მისივე შეფასებით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, უბრალოდ, უმადური და არათანმიმდევრული ადამიანია. 

"როცა გკითხავენ, პატრიარქმა კარგი რა გააკეთაო და ვერაფერს ჩამოთვლი... ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც 10 წლის წინ იძახდა, რომ ილია II არის ბიბლიური დავითის შთამომავალი. რა თქმა უნდა, ესეც სისულელეა, არანაირი ბიბლიური დავითის შთამომავალი არ არის, შიოლა ღუდუშაურის შთამომავალია და ღმერთმა წინაპრები კარგად უმყოფოს..." - ამბობს უგულავა. 

მისივე თქმით, როდესაც ასეთი მლიქვნელობიდან მეორე უკიდურესობაში გადადიხარ, ან მაშინ იყავი უსინდისო, ან ახლა, ან ორივე შემთხვევაში. უგულავას განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები, რაზეც პეტრე ცაავა მიუთითებს, ეკლესიაში არ არის. 

"მაგრამ პეტრე რა კუთხითაც უტევს, კიდევ უფრო მეტი სიბნელისა და უბედურებისკენ წაიყვანს ეკლესიას,"- ამბობს გიგი უგულავა.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპისკოპოსიდან 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით განაყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ცაავამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ განყენების მიზეზი ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილება გახდა, უფრო ზუსტად კი, მან კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიითა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

კომენტარები