დონალდ ტრამპი

ტრამპს საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ჯარიმა დაეკისრა

დონალდ ტრამპი
Reuters

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისათვის გამოყენების გამო ჯარიმის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა 2016 წელს ამერიკელი ვეტერანებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შეგროვებული თანხა აიოვაში წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენა.

მოსამართლის თქმით მსგავის ფონდი პოლიტიკურ საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ჯარიმა ტრამპმა თავად უნდა გადაიხადოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით გადახდილი ჯარიმა 8 საქველმოქმედო ფონდში გადანაწილდება, რომლებთანაც ტრამპს არავითარი კავშირი არ აქვს.

მისივე გადაწყვეტილებით ტრამპის შვილებმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა და ივანკა ტრამპმა, რომლებიც ტრამპის ფონდის დირექტორები იყვნენ, სავალდებულო გადამზადება უნდა გაიარონ იმის შესახებ, თუ რა არის საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობა.

ტრამპის საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს დაიხურა. წარსულში ტრამპი და მისი ოჯახი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ფონდის თანხების პირადი მიზნებისათვის გამოყენებაში. ტრამპი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული და ნიუ იორკელი დემოკრატები მის წინააღმდეგ ყველა ხერხს მიმართავენ.

კომენტარები