ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ოპოზიციონერ ჯოშუა ვონგს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს

SCMP

ჰონგ-კონგში ერთერთ ყველაზე ცნობილ ოპოზიციონერს და პროდემოკრატიული ცვლილებების მომხრე აქტივისტს ჯოშუა ვონგს საოლქო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. უკვე მე-5 თვეა მილიონობით ჰონგ-კონგელი ოფიციალური პეკინის გაზრდილი გავლენის წინააღმდეგ და პროდემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით აქციებს მართავს.

ვონგის თქმით, მისი არჩევნებიდან აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 1 100 კანდიდატიდან 24 ნოემბრის არჩევნებიდან მხოლოდ ის აკრძალეს. 

ჰონგ-კონგის მთავრობაში ეჭვობენ, რომ ვონგი ჰონგ-კონგში ჩინეთის სახალო რესპუბლიკის სუვერენიტეტს უარყოფს და ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობაზე და ამის შესახებ რეფერენდუმზე დაიწყებს საუბარს. 

ჰონგ-კონგის მთავრობამ თქვა, რომ ერთი კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაუშვეს, რადგან ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კანონს, რომელიც "თვითგამორკვევის ადვოკატირებას ან წახალისებას" კრძალავს.

ვონგი ამბობს, რომ ის ემხრობა იდეას, რომ ჰონგ-კონგელებმა რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ ჰონგ-კონგის მომავალზე, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. 

ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო. მას შემდეგ პოლიტიკური მოტივით ის არაერთხელ დააკავეს. იმისდა მიუხედავად, რომ ჰონგ-კონგის საგარეო ურთიერთობებს ოფიციალური პეკინი განაგებს, გასულ თვეებში ვონგს აშშ-ის მეირ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს, ის ასევე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირებს, რასაც პეკინის გაღიზიანება მოჰყვა. კომუნისტურ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა იყო. 

საოლქო არჩევნებს ჰონგ-კონგელები დიდ ყურადღებას არ აქცევენ და მასში, როგორც წესი პეკინის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები იმარჯვებდნენ, თუმცა მიმდინარე პროტესტის შემდეგ არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად რეკორდული რაოდენობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ. 

ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებზე ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობაზე ხმამაღლა საუბარს ჰონგ-კონგელთა ძალიან მცირე ნაწილი ბედავს.

ოფიციალური პეკინისთვის ტაივანი, სინძიანი, ტიბეტი და უკვე ჰონგ-კონგიც ქვეყნის 'ცხელი წერტილებია', რაც 'ერთიანი ჩინეთის' იდეას შიგნიდან უქმნის საფრთხეს. პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის სათავეში მოსვლიდან 2012 წლის შემდეგ ჰონგ-კონგის პროტესტი მისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევაა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ჩინეთის გახლეჩვის ნებისმიერი მცდელობა "დანაწევრებული სხეულებითა და დამსხვრეული ძვლებით" დასრულდებოდა.

ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადრობრივად დაშალეს, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური პეკინი დიდხანს არ აიტანს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ აქციებს, რაც საბოლოოდ ერთპარტიულ კომუნისტურ მმართველობას უქმნის საფრთხეს. 

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ამ პირობებს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები