არგენტინა

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

REUTERS

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. უკანასკნელი გამოკითხვებით მოქმედი პრეზიდენტი მაურისიო მაკრი გამარჯვების მოპოვებას ვეღარ შეძლებს. გამოკითხვებში პერონისტი ალბერტო ფერნანდესი ლიდერობს.

ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებლის პირობებში ფერნანდესს "სოციალისტური კონტრაქტის" დაპირებებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდესი მიმდინარე წლამდე პოლიტიკურ წრეებში შედარებით ნაკლებად ცნობილი ფიგურა იყო, ახლა ის მოქმედ პრეზიდენტს თითქმის 20 ქულით უსწრებს.

ფერნანდესის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში დაბრუნდება ყოფილი პრეზიდენტი, პოპულისტი კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი.

არჩევნების შედეგები გავლენას მხოლოდ ქვეყნის მომავალზე არ მოახდენს. არგენტინა მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია და ვაკა მუერტას ნავთობისა და ბუნებრივი აირის შელფური საბადოების აღმოჩენის შემდეგ შესაძლოა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს. გარდა ამისა ქვეყანა ამჟამად $100 მილიარდის ოდენობის სესხის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

იმისათვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს, კანდიდატმა ხმათა 45% უნდა მიიღოს, ან 40%, თუმცა მეორე ადგილზე გასულს სულ მცირე 10 ქულით უნდა უსწრებდეს.

პრეზიდენტის გარდა არგენტინელები სენატორებს, გუბერნატორებსა და ადგილობივი მთავრობის ხელმძღვანელებსაც ირჩევენ.

კომენტარები