პენტაგონი

პენტაგონის თავდაცვის ახალი ინფრასტრუქტურის $10 მილიარდიანი კონტრაქტი Microsoft-მა მიიღო

პენტაგონი Microsoft-ს გაუფორმებს 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10-წლიან კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიების კომპანიამ თავდაცვის ინფრასტრუქტურის საერთო პროექტი Jedi (Joint Enterprise Defence Infrastructure) უნდა შექმნას, რაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ტექნოლოგიური თვალსაზრისით უფრო მოქნილს გახდის.

პენტაგონს სურს ძველი კომპიუტერული ქსელები ახალი, ერთიანი ქლაუდის სისტემით შეცვალოს. კონტრაქტის მიხედვით Microsoft ამისათვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას შემქნის და სხვა სერვისებთან ერთად განათავსებს საიდუმლო სამხედრო დოკუმენტებსაც.

თავდაცვის დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ამგვარად სამხედროები უფრო ეფექტურად შეძლებენ მონაცემების მიღებას.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კონტრაქტი Amazon-თან გაფორმდებოდა, თუმცა მათ შემოთავაზებას დონალდ ტრამპის კრიტიკა მოჰყვა. ივლისში ტრამპმა თქვა, რომ მიიღო საჩივრები ამაზონის კონტრაქტის თაობაზე და სხვა კომპანიებმა უთხრეს, რომ კონკურენცია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. მან პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს შეისწავლიდა. ტრამპს წარსულშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ამაზონი და მისი მფლობელი ჯეფ ბეზოსი.

Amazon-ში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ისინი გააკვირვა, რადგან მათთვის ნათელია, რომ მათი პროექტი Microsoft-ის შემოთავაზებას ჯობდა. კომპანიას გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

პენტაგონში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სამართლიანად მიიღეს.

კონკურსში Google-იც მონაწილეობდა, თუმცა გამოეთიშა.

კომენტარები