პენტაგონი

პენტაგონი: ედვარდ სნოუდენს 1.7 მლნ-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აქვს

rt.com

"ამერიკის დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს ედვარდ სნოუდენს 1.7 მილიონზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი მოეპოვება", - ნათქვამია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დასკვნაში, რომელიც საზოგადოებას კონგრესმენებმა მაიკ როჯერსმა და დაჩ რუპერსბერგერმა გააცნეს. მათი განცხადებით, მასალების უმრავლესობა ამერიკის არმიის მიმდინარე ოპერაციებთან, სამხედრო-სანაოსნო და სამხედრო-საჰაერო ძალებთანაა კავშირში.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის მაიკ როჯერსის თქმით, სნოუდენის მიერ უკვე გავრცელებულმა დოკუმენტებმა ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა.

პენტაგონის დასკვნას გამოეხმაურა ამერიკის დაზვერვის შეფის ოფიციალური წარმომადგენელი მაიკლ ბირმინგემი. მისი განცხადებით, "ტერორისტებსა და მათ მხარდამჭერ ქსელებს უკვე გააჩნიათ უფრო ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვახორციელებთ სადაზვერვო ცნობების შეგროვებას და, რა თქმა უნდა, საპასუხო ზომებსაც მიმართავენ".

შეგახსენებთ, რომ ედვარდ სნოუდენმა ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით, ამერიკული სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდნენ, ისმინებოდა მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრები.

აშშ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში სდებს ბრალს, თუმცა იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება, სადაც რუსეთის ხელისუფლებამ თავშესაფარი აგვისტოში მიანიჭა.

კომენტარები