პენტაგონი

პენტაგონი სამხედრო ბიუჯეტის 80 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდას ითხოვს

unian.info

რუსეთისა და ჩინეთისაგან მომავალი საფრთხეების გამო პენტაგონი 2019 წლისთვის სამხედრო ხარჯების გაზრდას ითხოვს.

პენტაგონი ხარჯების გაზრდის საჭიროების მიზეზად არა ტერორიზმს, არამედ გაზრდილ კონკურენციას ასახელებს და მას აშშ-სთვის მთავარ საფრთხედ აცხადებს.

"უფრო და უფრო ნათელია, რომ ჩინეთს და რუსეთს მსოფლიოს ფორმირება საკუთარი ავტორიტარული მოდელის მიხედვით სურთ და სხვა ქვეყნების ეკონომიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებზე ვეტოს მოპოვებას ცდილობენ." ნათქვამია დოკუმენტში.

"რუსეთმა დაარღვია მისი მეზობელი ქვეყნების საზღვრები" და ცდილობს "დაშალოს NATO". დოკუმენტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გაზრდილ გავლენებს და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასაც ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მათ მიერ მოთხოვილ ბიუჯეტს, 686 მილიარდ აშშ დოლარს დაამტკიცებს, თავდაცვის ახალი ბიუჯეტი 2017 წლისას 80 მილიარდით გადააჭარბებს.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ საბიუჯეტო გეგმაში საერთაშორისო დიპლომატიისა და საერთაშორისო დახმარებების ხარჯების შემცირებაცაა გათვალისწინებული.

ამ საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები იმაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ყოფილა და ყველა ტიპის იარაღის არსენალი უნდა გაიზარდოს.

დოკუმენტში საუბარია საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების გაძლიერებაზეც.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ სხვები აკეთებენ ამას. თუ ისინი შეწყვეტენ, ჩვენც შევწყვეტთ, თუმცა ისინი არ ჩერდებიან. ასე რომ, თუ ისინი არ გაჩერდებიან, ჩვენ ისე უნდა ვუსწრებდეთ ყველას ბირთვულ სფეროში, როგორც ჯერ არ გინახავთ." თქვა ტრამპმა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც კონგრესმა გააკეთა და ის ბიუჯეტი, რასაც პრეზიდენტი გამოგვიყოფს, არის ის, რაც გვჭირდება პირველ პოზიციაზე დასაბრუნებლად." განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

კომენტარები