ბოლივია

ბოლივიის არჩევნებში ევო მორალესის გამარჯვებულად გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა

ევო მორალესი
EPA

ბოლივიაში 20 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ ევო მორალესის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სანტა კრუზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ოფიციალური პირების თქმით მორალესმა ხმების 47.1% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა კარლოს მესამ კი 36.51%, რითიც მორალესმა მეორე ტური თავიდან აიცილა. ამგვარად, მორალესი, რომელიც ბოლივიას 13 წელია მართავს, ქვეყნის სათავეში 2025 წლამდე დარჩება.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმების დათვლა 24 საათით შეფერხდა. მანამდე, უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების მიხედვით მორალესს და მესას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდათ და მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. ხმის დათვლის შეფერხების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მორალესი მესას 10 ნიშნულით უსწრებდა, რაც საკმარისი იყო მეორე ტურის თავიდან ასარიდებლად.

მორალესი არჩევნების გაყალბების ბრალდებას უარყოფს.

მესა მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვს. მის მოთხოვნას მხარს უჭერენ აშშ, ბრაზილია, არგენტინა და ჩილე.

კომენტარები