ბოლივია

ეგზიტპოლების მიხედვით, ბოლივიის არჩევნებში მორალესის პარტიის კანდიდატი იმარჯვებს

Reuters

ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, იმარჯვებს ევო მორალესის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ლუის არსე. ბოლივიური ტელეკომპანიის, Unitel-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ არსე ხმათა 52.4%-ს მიიღებს, მისი მთავარი ოპონენტი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ცენტრისტი კარლოს მესა კი 31.5%-ს.

იმისათვის, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვალოს, კანდიდატმა ხმების სულ მცირე 40% უნდა მიიღოს და ამავდროულად მინიმუმ 10%-ით უსწრებდეს კონკურენტებს.

ჯერჯერობით დათვლილია ხმების მხოლოდ 7%.

ევო მორალესმა ბუენოს არესში უკვე გამართა პრესკონფერენცია და თქვა, რომ ყველა გამოკითხვით მის მიერ შერჩეული კანდიდატი იმარჯვებს. არსე მორალესის მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. მან უკვე გამართა პრესკონფერენცია, სადაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადა:

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ცვლილებებს, სიძულვილის გარეშე. ჩვენ ვისწავლით და გადავლახავთ წარსულის შეცდომებს". – თქვა მან.

ლუის არსე

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა. მასში გამარჯვებულად ევო მორალესი გამოაცხადეს, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა. დარღვევების გამო ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები მორალესს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. პარალელურად, იმართებოდა მორალესის მხარდამჭერების აქციებიც. აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა და მსხვერპლი მოჰყვა. ნოემბერში მორალესმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით მან ქვეყანა დატოვა და თავი ჯერ მექსიკას შეაფარა, შემდეგ კი არგენტინას. გარდამავალმა მთავრობამ ის ტერორიზმსა და ამბოხებისაკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონით კი მორალესს არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობა აეკრძალა. კანონი, რომელიც ორივე პალატამ ერთხმად მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს პირებს, რომლებიც მიყოლებით ორი ვადით იკავებდნენ პრეზიდენტის პოსტს.

არსეს მთავარი ოპონენტი კარლოს მესა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2003-2005 წლებში იკავებდა. 2002-2003 წლებში ის ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ბუნებრივი აირის რესურსების გამოყენების საკითხს აქციები და გაფიცვები მოჰუვა, პრეზიდენტმა გონსალო სანჩეს დე ლოსადამ თანამდებობა დატოვა და მესამ პრეზიდენტის მოვალეობა შეითავსა.

კომენტარები