ბოლივია

ბოლივიის ექსპრეზიდენტი სამხედროების მიერ ადგილობრივ მოკლულთა ოჯახებს ზიანს აუნაზღაურებს

EFE/Martín Alipaz/Archivo

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა, გონსალო სანჩეს დე ლოზადამ და თავდაცვის მინისტრმა, ხოსე კარლოს სანჩესმა თანხმობა განაცხადეს, მათი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყნის სამხედროების მიერ მოკლულ ადამიანთა ოჯახებს ზარალი აუნაზღაურონ.  

შეთანხმება ეხება 2003 წელს ბოლივიის ქალაქ ელ ალტოში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც იმდროინდელი მოქმედი პრეზიდენტის, სანჩეს დე ლოზადას ქვეყნის ბუნებრივი აირი ექსპორტზე გატანის გეგმის გამო მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მთავრობის მიერ ბლოკადების დასარღვევად ჯარი გაიგზავნა, რომლის ქმედებების შედეგადაც 60-ზე მეტი მომიტინგე დაიუღუპა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა.

მომხდარიდან მალევე ქვეყნის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, ხოსე კარლოს სანჩეს ბერზაინი გადადგნენ და აშშ-ში გაფრინდნენ, სადაც მას შემდეგ ცხოვრობენ.

2007 წელს მათ წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სარჩელი 2003 წელს მოკლულ ბოლივიელთა რვა ოჯახმა შეიტანა.

საქმე წამების აშშ-ს მსხვერპლთა დაცვის აქტის მიხედვით განიხილებოდა. აღნიშნული კანონი, წამების ან სასამართლოს გარეშე მკვლელობების შემთხვევებზე აშშ-ს იურისდიქციას მისი ტერიტორიის გარეთ აფართოებს.

თერთმეტი წლის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულთა ფედერალურმა სასამართლომ მათ მკვლელობებზე პასუხისმგებელ პირებად იმდროინდელი მთავრობის მეთაურები მიიჩნია და მათ კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე ბრალდებულმა გაასაჩივრა, თუმცა მიმდინარე 2023 წლის 28 სექტემბერს მათ საჩივარი უკან გამოითხოვეს და ოჯახებს ზიანის ასანაზღაურებლად გარკვეული თანხის გადახდაზე დათანხმდნენ.

"ამ შეთანხმებით ნაფიც მსაჯულთა განაჩენი ხელუხლებელი რჩება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გაგზავნა ამ მესიჯისა, რომ არცერთ ლიდერს არ შეუძლია მოკლას თავისი ხალხი და შემდეგ აშშ თავშესაფრად გამოიყენოს". - თქვა თომას ბეკერმა, ადამიანის უფლებათა ადვოკატმა, რომელიც ამ სასამართლო პროცესს ხელმძღვანელობდა.

აშშ-ში სასამართლო პროცესის მსვლელობის პარალელურად ყოფილ პრეზიდენტს ბოლივიის უზენაესმა სასამართლომაც წაუყენა ბრალი და ბოლივიაში მისი ექსტრადიცია მოითხოვა, რაზეც შეერთებული შტატებისაგან უარი მიიღო.

კომენტარები