მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი გახმაურებული საქმის შემთხვევაში პროკურატურამ გამონაკლისი დაუშვა და სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნო, უწყებამ იგივე მოთხოვნაზე ილია ჯიშკარიანის საქმის შემთხვევაში ომბუდსმენს უარი უთხრა.
თამთა თოდაძემ, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციის შემდეგ სწორედ სახალხო დამცველს მიმართა.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ფორმალურად ომბუდსმენს არ აქვს წვდომა საქმის მასალებზე, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პროკურატურას გამონაკლისი დაუშვია.
"ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელისუფლებო პარტიიდან. გარდა ამისა, არის ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ასევე, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მით უმეტეს, სახეზე გვაქვს დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც არის უჩვეულო, რადგან, როგორც წესი, ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად, ეს ნამდვილად იყო პროგრესი ბოლო პერიოდის განმავლობაში", - ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, საქმის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სხვა გზებითაც ეცდებიან და პროკურატურას უკვე მიმართეს ახალი წერილით, სადაც ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დასახელებების, თარიღების მითითებით. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ეს ომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს გააანალიზოს რამდენად ეფექტურად და დროულად მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის განმარტებით, ამ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია ეს ინფორმაცია გასცეს. ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, საქმეს დეტალურად შეისწავლიან გამოძიების დასრულების შემდეგაც, რისი უფლებაც ამ დროს ექნებათ.
"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით, მათ შორის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არ იყო ამოღებული ტანსაცმელი დროულად, ასევე ბიოლოგიური მასალა და ა.შ. ეს მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები ამ საქმეში არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სახალხო დამცველის ჩართულობა", - აღნიშნავს ლომჯარია.
სახალხო დამცველისთვის საქმის მასალების გადაცემას ითხოვს თამთა თოდაძეც. ამ თემაზე დღეს საფარში პრესკონფერენცია გაიმართა. დაზარალებულს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს.
"ძალიან დაგვიანებულად არის ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული და სახალხო დამცველი ამას აუცილებლად ნახავდა, რადგან ოქმებში მითითებულია კონკრეტული დრო. მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ამოღება და ა.შ. როცა სახალხო დამცველი ამ დარღვევებს ნახავს, აუცილებლად მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციას. ალბათ პროკურატურას არ აქვს სურვილი, რომ ასეთი დარღვევები აღმოჩენილ იქნას", - ამბობს თამარ ლუკავა, თამთა თოდაძის ადვოკატი.
როგორც ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ გახმაურებულ საქმეზე ომბუდსმენს აქვს წვდომა, ახლა იგივე გამონაკლისის არ დაშვება ეჭვებს ბადებს. მით უმეტეს, რომ საქმეში თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებულიც ამას ემხრობოდა.
"პრობლემა არის ის, რომ საგამოძიებო ეტაპზე არის ბევრი დარღვევა და ამ დარღვევების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქმე ჩვეულებრივი მსვლელობით არ მიმდინარეობს, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს ილია ჯიშკარიანი და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ომბუდსმენის ჩართულობა", - აღნიშნავს ბაია პატარაია.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თამთა თოდაძე და ადვოკატი გუშინ, 23 ოქტომბერს შეხვდნენ სახალხო დამცველს და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად გააცნეს, ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საქმეში თავიდანვე არსებობდა.
საფარში გამართული პრესკონფერენციისა და სახალხო დამცველის კომენტარის შემდეგ, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში ამბობენ, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლის გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და კანონმდებლობა საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს.
"სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
ამავე განცხადების მიხედვით, უწყება მზადაა კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეწყობა.
"სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს არაერთ გახმაურებულ საქმეზე ჰქონია წვდომა, მათ შორის არის 20 ივნისის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე და ა.შ.
---
ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა.
მიუხედავად ამისა, ჯიშკარიანი ბრალდებულად, თოდაძე კი დაზარალებულად პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ ცნო, როცა საქმე საჯარო გახდა და სხვადასხვა მედიაში გაშუქდა.
11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.
პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს.
საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.