თამთა თოდაძის საქმე

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავება - მარიამ კუბლაშვილი დააჯარიმეს

ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატის ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორმა დაზარალებულის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის დააჯარიმა.

თამთა თოდაძემ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ ინსპექტორს 30 ოქტომბერს მიმართა და დღეს ცნობილი გახდა, რომ ადვოკატი 1000 ლარით დაჯარიმდა.

საქმე ეხება ილია ჯიშკარიანის განცხადებებს მთავარი არხის ეთერში, როცა მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა თამთა თოდაძესთან დაკავშირებული სხვადასხვა სისხლის სამართლის დეტალებზე. ამ საქმეებში თოდაძე დაზარალებული ან მსხვერპლია. მარიამ კუბლაშვილმა საჯარო გახადა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც.

თამთა თოდაძის ადვოკატი ტაბულასთან განმარტავს, რომ დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია. მარიამ კუბლაშვილი სწორედ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა საფუძვლების გარეშე დამუშავებისთვის დაჯარიმდა.

"საუბარია ავტოავარიის საქმეზე, სადაც მარიამ კუბლაშვილმა ძალიან დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს საქმეები საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, პირველად სწორედ მან გააჟღერა და სწორედ ამიტომ მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს, რადგან მიგვაჩნდა, რომ დაირღვა თამთას უფლებები", - ამბობს თამარ ლუკავა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში სენსიტიური ინფორმაცია გასაჯაროვდა და საქმის განხილვის პროცესში მარიამ კუბლაშვილმა ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება ვერ დაასაბუთა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ინფორმაციის მანამდე გამჟღავნების ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად, ადვოკატს ჯარიმა დაეკისრა.

მარიამ კუბლაშვილი ინსპექტორის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა. მან ბაია პატარაიას, რომლის ორგანიზაციაც იცავს თამთა თოდაძეს, "გაქნილი აფერისტი" და "სხვადასხვა მახინაციებში დახელოვნებული" უწოდა. გარდა ამისა, კუბლაშვილი წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ადვოკატებზე დაიწყო ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა".

"ამ საჩივრების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური ითხოვდა ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან. ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ თუ ჯარიმას შევუშინდებით. როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი ჩემს სამომავლო სტრატეგიას? გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი? [...] ინსპექტორს უნდა ვკითხო რა ვთქვა და როგორ ვთქვა კლიენტს რომ
ვიცავ? მე არ დავიღლები სიმართლისთვის ბრძოლით, უშრეტი ენერგია მაქვს და ვერასდროს შემაშინებთ, ეს დაიმახსოვრეთ კარგად", - წერს ადვოკატი.

ის ამბობს, რომ ინსპექტორის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მარიამ კუბლაშვილი ჯარიმას კიდევ ერთი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა და დაწერა:

"კარგი მოთამაშის მიერ განხორციელებული სვლა საჭადრაკო დაფაზე შემდეგი 5 სვლით არის ნაკარნახევი. გამგები გაიგებს", - დაწერა ადვოკატმა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების მიხედვით, მარიამ კუბლაშვილმა ჯარიმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები