თამთა თოდაძის საქმე

თამთა თოდაძე: ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, აქ მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი

თამთა თოდაძე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.

მას ტაბულა ილია ჯიშკარიანის ადვოკატის განცხადების შემდეგ დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საქართველოდან და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი.

"საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის საკონსულოში დამინახა, რომელ ქვეყანას მივმართე, რის საფუძველზე საუბრობს? ეს სრული აბსურდია, ნამდვილად არ ვაპირებ ჩვენი ქვეყნის დატოვებას და არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და არც სხვა დროს მიფიქრია ქვეყნის დატოვება არასდროს", - ამბობს თამთა თოდაძე ტაბულასთან.

ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა ინტერპრესნიუსთან თქვა, რომ "შოუ ახლა იწყება". მარიამ კუბლაშვილის მტკიცებით, აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საქართველოდან და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, "თითქოს მას დევნიან, მასზე იძალადეს და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას".

რამდენიმე დღის წინ, 10 ნოემბერს, საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც ყოფილი თანაშემწე ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

მიუხედავად ამისა, ჯიშკარიანი ბრალდებულად, თოდაძე კი დაზარალებულად პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ ცნო, როცა საქმე საჯარო გახდა და სხვადასხვა მედიაში გაშუქდა.

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. თუმცა, შესაძლოა, ის 2 დეკემბრისთვის გადაიდოს.

კომენტარები