გლობალური ბიზნესი

დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური CEO-ბის ასეული—სიაში ვერ მოხვდა ჯეფ ბეზოსი

cloudfront.net

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ბიზნეს ჟურნალმა Harvad Business Review-მ, მსოფლიოს ყველაზე ეფექტური გენერალური მენეჯერების [СEO] ყოველწლიური რეიტინგი განაახლა. 

წლევანდელ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი სიახლეა. წინა წლის ასეულიდან წლევანდელ რეიტინგში 65 მენეჯერი მოხვდა. არ გაუმართლა პლანეტის უმდიდრეს ადამიანს, ჯეფ ბეზოსს, ამაზონის დამფუძნებელი წლევანდელ სიაში ვერ მოხვდა. 

ჟურნალში ეს მეთოდოლოგიის ცვლილებით ახსნეს. რაც შეეხება ტრიუმფატორებს, რეიტინგის პირველ ადგილს კომპანია NVIDIA-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 56 წლის ჯენსენ ხუანი იკავებს.

1993 წელს ხუანმა კრის მალახოვსკისთან და კერტის პრემოსთან ერთად ვიდეობარათების მწარმოებელი კომპანია დაარსა. კომპანიის საწყისი ინვესტიცია 40 ათას დოლარს შეადგენდა. დღევანდელი მდგომარეობით NVIDIA-ს ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აღემატება. Forbes-ის შეფასებით, ხუანის ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

სიის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ჯენსენ ხუანი — NVIDIA (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  2. მარკ ბენიოფი — Salesforce (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  3. ფრანსუა-ანრი პინო — Kering (სამომხმარებლო პროდუქტები);
  4. რიჩარდ ტემპლტონი — Texas Instruments (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  5. იგნასიო გალანი — Iberdrola (კომუნალური მომსახურება);
  6. შანტანუ ნარაიენი — Adobe (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  7. აჯაი ბანგა — Mastercard (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  8. ჯონათან თიჯსი — KBC (ფინანსები);
  9. სატია ნადელა — Microsoft (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
  10. ბერნარ არნო — LVMH (სამომხმარებლო პროდუქტები).

ჟურნალში სამწუხარო უწოდეს იმ ფაქტს, რომ წელს რეიტინგში მხოლოდ ოთხი ქალი მოხვდა. საუკეთესო მენეჯერების ასეულში მოხვდა Apple-ის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი და საფეხბურთო კლუბ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერეზი.

 

 

კომენტარები