ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტმა ჯონსონის გეგმის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის ბრექსითის შეთანხმების პრინციპებს მხარი დაუჭირა, თუმცა მის მიერ შემოთავაზებულ ვადებს არ ეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ბრიტანეთის ევროკავშირს 31 ოქტომბერს ვერ დატოვებს.

პარლამენტი დღეს ჯონსონის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას უყრიდა კენჭს. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და პარლამენტის ქვედა პალატას მოუწოდებდა შეთანხმებისათვის მხარი სამ დღეში დაეჭირა, რათა ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს მოეხერხებინა.

მთავრობამ 110 გვერდიანი შეთანხმება ორშაბათს საღამოს გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ძირითად პრინციპებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, რაც მისი შემდგომი განხილვის საშუალებას იძლევა, მათ უარი თქვეს ჯონსონის მოთხოვნაზე დაჩქარებული წესით, 3 დღეში განეხილათ და კენჭი ეყარათ შეთანხმებისათვის. პარლამენტართა ნაწილმა თქვა, რომ შეთანხმების ტექსტის სრულად წაკითხვაც კი ვერ მოახერხეს.

მანამდე ჯონსონმა თქვა, რომ თუ პარლამენტი კენჭისყრისათვის 3-დღიან ვადას არ დათანხმდებოდა, შეთანხმებას კენჭისყრაზე აღარ გაიტანდა და არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა. ჯონსონმა თქვა, რომ პარლამენტმა თავად შეიყვანა პროცესები ჩიხში და კიდევ რამდენიმე თვე ამ სიტუაციის გაგრძელებას არ დაუშვებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯი ბრექსითის ვადას კიდევ უფრო გადაწევს. ჯონსონმა უკვე გაუგზავნა წერილი ევროკავშირს, რომელშიც ბრექსითის ვადის იანვრის ბოლომდე გადაწევა ითხოვა.

ჯონსონის მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ახალი შეთანხმების ეკონომიკური შეფასება, თუმცა ირწმუნება, რომ ის ბრიტანეთისათვის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. სწორედ ეს და ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი იქცა პარლამენტარების მხრიდან ერთ-ერთ მთავარ წინააღმდეგობად, რის გამოც მათ უარი თქვეს დაჩქარებული წესით განხილათ და დაემტკიცებინათ შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროკავშირთან ახალ შეთანხმებას მიაღწია. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ შეთანხმება სამართლიანი და დაბალანსებულია.

ბრიტანეთში გეგმისადმი მხარდაჭერის საკითხი ეჭვქვეშ დგას. ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ (DUP) განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ. მათი მხარდაჭერა, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ჯონსონისათვის, რადგან სწორედ მათი ხმები აძლევდა კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეს ჯონსონმა საკუთარი პარტიიდან 20 წევრი გარიცხა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კი თქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე წინა, რომელიც ტერეზა მეიმ შეიმუშავა და პარლამენტარებმა ის უნდა ჩააგდონ. მოსალოდნელია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ შეთანხმების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს.

ჯონსონის მთავარი მიზანი მეის გეგმიდან ე.წ. ბექსტოპის მექანიზიმს ამოღება და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის პრობლემის გადაჭრა იყო. როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, ახალი გეგმის მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდიაზე, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პირობები გავრცელდება, რასაც DUP ეწინააღმდეგება.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა მეის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგებოდა.

ერთი კვირის წინ ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

ამ გეგმის მიხედვით მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი პარლამენტები ამ გეგმას მოიწონებდნენ, თუმცა ევროკავშირში მას ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

ჯონსონს წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას. დაუნინგ სტრიტის ინფორმაციის მერკელს სურდა ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩენილიყო.

გასულ კვირას კი ირლანდიის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკართან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა გეგმა, რომლითაც ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებას დატოვებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო დათანხმდება ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე ევროკავშირის საბაჟო რეგულაციების გამოყენებაზე.

ბრექსითის ბოლო ვადა ამჟამად 31 ოქტომბერია.

კომენტარები