დონალდ ტრამპი

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან. ეს ჩვენი საზღვარი არაა, თავად გადაჭრან პრობლემა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ამერიკის პრობლემა არ არის:

"მათ პრობლემა აქვთ საზღვარზე. ეს ჩვენი საზღვარი არაა. ჩვენ იქ სიცოცხლეებს არ უნდა ვწირავდეთ. ჩვენი ჯარისკაცები იქიდან გამოვიდნენ. ჩვენი ჯარისკაცები სრულიად უსაფრთხოდ არიან. მათ თავად უნდა გადაჭრან პრობლემა. შეიძლება, ეს ბრძოლის გარეშეც შეძლონ. ჩვენ ვაკვირდებით და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ თურქეთს სწორი გადაწყვეტილებისაკენ ვუბიძგოთ, რადგან ომების შეწყვეტა გვსურს." თქვა მან.

ტრამპმა ქურთი მოკავშირეების ბედზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ისინი ანგელოზები არ არიან და რომ ქურთისტანის მუშათა პარტია "შესაძლოა, უარესია ტერორიზმში და უფრო მეტადაა ტერორისტული საფრთხე, ვიდრე ე.წ. ისლამური სახელმწიფო":

"[ქურთები] ანგელოზები არ არიან. ისინი ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. ჩვენ მათ ბევრი გადავუხადეთ, რომ ჩვენთან ერთად ებრძოლათ. ისინი კარგად იქცეოდნენ, როდესაც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ როდესაც აღარ იბრძოდნენ ჩვენთან ერთად - არც ისე კარგად." თქვა მან.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციისათვის მწვანე შუქი არ აუნთია და ედოღანს მკაცრი წერილი მისწერა. ამერიკულ მედიაში 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი გავრცელდა, რომელშიც ტრამპი ერდოღანს სწერს:

"შენ არ გინდა, რომ ათასობით ადამიანის დახოცვაზე იყო პასუხისმგებელი და მე არ მსურს თურქეთის ეკონომის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - მაგრამ ვიქნები. ნუ მოიქცევი სულელივით!"

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთი ამბობს, რომ ოპერაციის პერიოდში დაკავებულ ტერორისტებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებს და ქურთებს ციხეების დაცარიელებაში და პატიმრების გატაცებაში ადანაშაულებს.

ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან რუსი ჯარისკაცები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ.

მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

თურქულ ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა ორ ქალაქთან, რას ალ-აინთან და მანბიჯთან ახლოს. ორივე ტერიტორიიდან აშშ-ის ძალები უკვე გავიდნენ.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

ერდოღანი ამბობს, რომ სანქციები არ ადარდებთ და ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. ჟურნალისტებისას საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძოდნენ, პირველ რიგში საკუთარი მიწისთვის იბრძვიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს. მან უკვე თქვა, რომ კონგრესმენებთან ერთად თურქეთისათვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

კომენტარები