ანაკლიის პორტი

ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას

droa.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებენ. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმმა დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა და ვალდებულება ნაწილობრავადაც კი არ შეასრულა. 

მისი თქმით, ეს პროექტი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია და ოპონენტებს, მათ შორის კონსორციუმსაც "არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება", რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის კონსორციუმს პორექტის განხორციელებაში.

"ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი"- თქვა ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, ის მიესალმება იმ ინვესტორების არსებობას, რომელზეც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

......

15 ოქტომბერს ამოიწურა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმს უნდა წარმოედგინა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. 

15 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის". მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს

როგორც ახვლედიანმა თქვა, ვადის ამოწურვის მიუხედავად, კონსორციუმი "დღეს აღარაფრის ჩაბარებას" აპირებს. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარადგინა ხედვა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს მიესადაგება.

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

კომენტარები