14 ოქტომბერს ასი ათასობით ჰონგ-კონგელმა აშშ-ს ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტის მიღება თხოვა. მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესი კენჭს უყრის აღნიშნულ კანონპროექტს.
კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.
მომიტინგეებს ხელში აშშ-ის დროშები და ბიძია სემის პლაკატები ეკავათ წარწერით - "იბრძოლე ჰონგ-კონგისთვის, მხარი დაუჭირე ჰონგ-კონგს".
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი მხარს უჭერდნენ კანონპროექტს, რადგან ჰონგ-კონგის მთვარობამ სისტემის ცვლილებისთვის ყველა გზა გადაკეტა.
"აშშ-ს დახმარებას ვთხოვთ, რათა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტი მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანები ვართ, ჩვენით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ," - თქვა ერთერთმა მომიტინგემ გვარად ვონგმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას, დაახლოებით, 130 000 მომიტინგე შეუერთდა.
გასულ კვირას ჰონგ-კონგს აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები ტედ კრუზი და ჯოში ჰოული ეწვია.
აქციის დაწყებამდე სენატორმა ჰოულმა ჰონგ-კონგიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა - "ზოგჯერ ერთი ქალაქის ბედი მთელი თაობის გამოწვევას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მსოფლიოში თავისუფალი ხალხი თვალს ადევნებს თქვენ ბრძოლას ძირითადი თავისუფლებებისთვის".
ისინი აქციაზე არ მისულან, თუმცა მათი წარმომადგენლები აქციას შეუერთდნენ.
აქციის მიმდინარეობისას ჰონგ-კონგის მთავრობამ განცხადება გაავრცელა და ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში ნებისმიერი გარე ძალის ჩარევა დაგმო - "ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები გარანტირებულია ძირითადი კანონით".
წინა დღეებისგან განსხვავებით, აქციამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა.
აქციის დაწყებიდან, დაახლოებით, ორი საათის შემდეგ პოლიციამ მეტროს ერთერთ სადგურთან წიწაკის სპრეი გამოიყენა. მათი ინფორმაციით, მომიტინგე პოლიციელების ავტომობილს აზიანებდა. მეტროსთან სულ სამი მამაკაცი დააკავეს.
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება.
სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონში ჰონგ-კონგელ ოპოზიციონერ ჯოშუა ვონგს, მუსიკოს და აქტივისტ დენის ჰოს, აკადემიისა და სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებს აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს. ისინი აშშ-ისგან ჩინეთის შესაკავებლად ხისტ პასუხს ელოდებიან, მათ შორის სავარაუდო სანქციების დაწესებას.
კანონპროექტის ტექსტი საბოლოო არაა მანამ, სანამ კონგრესის ორივე პალატა მას არ დაუჭერს მხარს. შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი იმისთვის, რომ კანონი გახდეს.
რესპუბლიკელმა კრის სმიტმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი.
"დემოკრატები და რესპუბლიკელები, წარმომადგენელთა პალატაში და კონგრესში დიდი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს ამ ამ კანონპროექტს. ჩვენ მათ გვედითვდგავართ, ვინც მშვიდობიანი, იმედიანი მომავლისთვის იბრძვის," - განაცხადა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ.
აშშ-ის სენატორმა მარკო რუბიომ და ჩინეთზე კონგრესის აღმასრულებელი კომისიის ხელმძღვანელმა კრის სმიტმა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტი თავდაპირველად 2017 წელს წარადგინეს.
აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ჰონგ-კონგის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის შეთავაზებამდე ცოტა ხნით ადრე მან მომავალ ტარიფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთს თავდაპირველად ჰონგ-კონგთან უნდა ემუშავა ჰუმანურად - "რათქმაუნდა, ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!"
- რა ხდება ჰონგ-კონგში?
ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება.
ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.
ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.
თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.
ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.
26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.
ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.