უკრაინა

"არა კაპიტულაციას" - კიევში შტაინმაიერის ფორმულის წინააღმდეგ 20 000 ადამიანი გამოვიდა

WSJ

14 ოქტომბერს კიევში ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის წინააღმდეგ მსვლელობას "არა კაპიტულაციას", დაახლოებით, 20 000 ადამიანი შეუერთდა. გეგმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. 

"დიდება უკრაინას!" - სკანდირებდნენ მომიტინგეები. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ზელენსკის ნაბიჯი ღალატია. მომოტინგეთა მიზანია გადაიხედოს შეთანხმება, დონბასის რეგიონს არ მიენიჭოს სცეპიალური სტატუსი. 

"ჩვენ მშვიდობა გვსურს, თუმცა ამის მიღწევა სხვაგვარად გვინდა. არ გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებოდნენ, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი მიწა ჩვენ დაგვრჩეს, სადაც მტერი არ იქნება," - თქვა ერთერთმა მომიტინგემ ლუდმილა ლინიკმა.

მსვლელობაში ომის ვეტერანები და ნაციონალისტების პარტიაც "ეროვნული კორპუსი" მონაწილეობდა.

"ჯარების უკან დახევა ქვეყნისთვის კატასტროფაა. რუსეთი ამ მდგომარეობას იყენებს, რათა ხელში ჩაიგდოს ის ტერიტორიები, საიდანაც ჩვენ გამოვალთ," - თქვა თქვა პარტიის ლიდერმა ანდრი ბილეცკიმ.

ზოგიერთ მომიტინგეს იდენტობის დასამალად თეთრი ნიღაბი ეკეთა.

საპროტესტო აქცია აღმოსავლეთ უკრაინაში ხარკოვშიც გაიმართა. 

ზელენსკის თქმით, ის უკრაინას არასდროს უღალატებდა და არცერთ წითელ ხაზს გადაკვეთდა. პრეზიდენტმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ თავიდან აერიდებინათ ძალადობა და ისინი "მათგან, ვისაც არეულობა სურს" პოტენციურ პროვოკაციებზე გააფრთხილა. 

საპროტესტო აქციები 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და რამდენიმე დღეში ერთხელ იმართება. 

უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს რეგიონის თვითმმართველობის სტატუსი, თუმცა თქვა, რომ უნდა მომზადდეს ახალი კანონი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სპეციალური სტატუსის შესახებ, რომელიც შტაინმაიერის ფორმულის პირობებს მოიცავს.

შტაინმაიერის ფორმულაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები