ვენესუელა

ნიკოლას მადურომ მინიმალური ხელფასი 275%-ით 8 დოლარამდე გაზარდა

ნიკოლას მადურო
AFP

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ თვიური მინუმალარი ხელფასი 275%-ით გაზარდა. მიმდინარე წელს მინიმალური ხელფასის ზრდის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

ცვლილების შედეგად მინიმალური ხელფასი 150 ათას ბოლივარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 8 დოლარია. გაზრდილ ხელფასთან ერთად, დასაქმებულები 150 ათასი ბოლივარის ღირებულების საკვების ტალონებს მიიღებენ. 

ამ ზრდის მიუხედავად, დასაქმებულების ცხოვრება დიდად არ შეიცვლება, 150 ათასი ბოლივარი, დაახლოებით 4 კილოგრამი ხორცის შესაძენად არის საკმარისი. ვენესუელას ოპოზიციის ცნობით, ინფლაცია ქვეყანაში 50 ათას პროცენტს აღემატება. 

უკვე 4 წელია, ვენესუელაში უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. რამდენიმე წელია ქვეყანაში ინფლაცია ასტრონომიულ მასშტაბებს აღწევს. უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ბოლო წლებში ვენესუელა 4 მილიონამდე მოქალაქემ დატოვა. 

2018 წლის განმავლობაში ნიკოლას მადურომ მინიმალური ხელფასი ექვსჯერ გაზარდა, თუმცა მოქალაქეების მსყიდველობითი უნარი მაინც შემცირდა. 

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მინიმალური ხელფასის დაწესება საქართველოშიც განიხილება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განიხილავს ამ საკითხს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრო. 

კომენტარები