ევროპული საქართველო

კიკნაველიძე: ახლა არ არის იმის დრო, სიები ვადგინოთ, ვინ უნდა წავიდეს ციხეში და ვინ - არა

ტაბულა

"ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ სიები ვადგინოთ, ვინ უნდა წავიდეს ციხეში და ვინ არ უნდა წავიდეს და სადამდე უნდა ჩავიდეთ ამ სიების შედგენაში" - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე შეკითხვას იმ დისკუსიის შესახებ, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. 

კიკნაველიძეს ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" ჟურნალისტმა ჰკითხა, ამგვარი მიდგომა ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა თანამდებობებზე არიან, ამ დაპირებით გათამამდებიან და არაფრის ჩადენას აღარ მოერიდებიან, მათ შორის, არც ბიუჯეტის ფულის მითვისებას. 

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, "ჩინჩალაძისა და მურუსიძის სასამართლო" ვერ უზრუნველყოფს სამართლიან მართლმსაჯულებას, რომელსაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ნდობა ექნება. 

"ჩვენ გვჭირდება არა ის, რომ ვიღაცის დანაშაულზე თვალი დავხუჭოთ ან ვიღაცას ხელი დავაფაროთ ან ვიღაცას წაღებული ფული, მოპარული ფული საქართველოს ბიუჯეტიდან, საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან სახლში დავუტოვოთ და მართლა პასუხი არავინ არ მოსთხოვოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ფართო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისა, რას ვაკეთებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის რევანშის მთავრობა, თუ ეს არის მომავალზე ორიენტირებული მთავრობა,"- ამბობს კიკნაველიძე.

მისივე თქმით, დღევანდელმა ოპოზიციამ რომც დაიწყოს იმ სიების შედგენა, ვის დაჭერასაც აპირებენ, ეს სია, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს და ამას ყველაზე განვითარებული სასამართლო სისტემებიც კი არ ეყოფა. 

"გასაგებია, ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში, ვინც შეიძლება, მაღალი დონის ოპოზიციური ფიგურები შეაწუხა, მაგრამ იქ, სადღაც რაიონში ადგილობრივმა სუს-ის თანამშრომელმა იმოქმედა ყველაზე მეტად ადგილობრივ ოპოზიციის წარმომადგენელზე, იქამდე უნდა ჩავიდეთ? ყველასთან უნდა მივიდეთ? ყველა უნდა დავიჭიროთ? სადამდე უნდა წავიდეთ უკან? ამას ყველაზე განვითარებული სასამართლო სისტემები არ ეყოფა. ჩვენ გვჭირდება მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რას აღარ ვაკეთებთ, რაც აქამდე გაკეთებულა,"- თქვა კიკნაველიძემ. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერი თავის ინიციატივას ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობით ხსნის. 

"პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს,"- განმარტა ბოკერიამ. 

კომენტარები