კახა კალაძე

კალაძე: განცხადება [შეწყალების] ფორმის გადახედვაზე მისასალმებელია მაგრამ, დაგვიანებული

ქართული ოცნება

თბილისი მერმა კახა კალაძემ გადაცემა რეაქციაში პრეზიდენტის შეწყალებების შესახებ ისაუბრა:

"ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს ამას. ყველამ იცით ჩემი ოჯახის ტრაგედია. შესაბამისად, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ გადაწყვეტილებების შინაარსი, იყო ძალიან მძიმე. ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეციაა, შეწყალება, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება და კეთილ საქმეს გააკეთებ. ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შენ შეგიძლია ადამიანს მისცე შესაძლებლობა, გააბედნიერო, მაგრამ ასეთ მძიმე თემებზე... მისი [ზურაბიშვილის] განცხადება იმაზე, რომ ფორმა უნდა გადაიხედოს მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებულიც არის."

კითხვაზე ნანობს თუ არა, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მონაწილეობა მიიღო მან თქვა:

"ისეთი სიტუაცია იყო როდესაც [საპრეზიდენტო] არჩევნები მიდიოდა, მეორე ტურში გავიდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნელი და ჩვენ სალომე ზურაბიშვილს დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფრიდან ვიცოდით, რომ ის იყო დამოუკიდებელი. როდესაც მეორე მხარეს იყო ძალა, რომელიც თავისი განცხადებების შინაარსით, თავისი ყოველდღიურობით მიანიშნებდა იმაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ დესტაბილიზაცია. ვერაფერს ვერ იზამდნენ ისეთს, იმიტომ, რომ როდესაც გაქვს საზოგადოების მხარდაჭერა რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა მათ მცდელობა ექნებოდათ."

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანების სია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ზურაბიშვილმა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. 

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

კომენტარები