სექსუალური ძალადობა

პროკურატურამ დეპუტატ ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. თავად თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნეს.

ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს - სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდრომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი).

პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელად 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე მუხლით კი - 1 წლამდე პატიმრობას, შინაპატიმრობას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

პროკურატურის ცნობით, ჯიშკარიანს ბრალი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" 8 ოქტომბერს წარუდგინეს.

თამთა თოდაძე, რომელიც დაზარალებულად ცნეს, დადგენილების გასაცნობად პროკურატურაში 9 ოქტომბერს 11:30 საათზე დაიბარეს.

ბრალის წარდგენისა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უწყებამ მომხდარიდან 8 დღის შემდეგ მიიღო. პროკურატურაში ამბობდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდნენ.

ამ დროის განმავლობაში თოდაძის დაზარალებულად ცნობისა და ჯიშკარიანისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა.

თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს. მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დღეს თქვა, რომ "მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა".

რას ყვება თამთა თოდაძე 30 სექტემბრის ღამეზე, როცა, მისი თქმით, ნასვამმა დეპუტატმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

კომენტარები