ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ცნობით, ქალმა ფეხბურთელებმა მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქმე მოსამართლეებმა, ირმა პერანიძემ, მალხაზ ჩუბინიძემ და ინდირა მაშანეიშვილმა განიხილეს.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმე სასამართლოში 2022 წელს მოიგო.
PHR-მა ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელების სამართლებრივი დახმარება 2020 წელს დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, კაცი მწვრთნელი ექვსი სპორტსმენი გოგონას, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვასა და კრიტიკაში. ასევე, სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში, ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და სამუშაო ადგილზე მტრულ გარემოს უქმნიდა. ქალი ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, კლუბთან ვადაზე ადრე გაეწყვიტათ ხელშეკრულება და შემოსავლის გარეშე დარჩენილიყვნენ.





