ჩინეთი

გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სინძიანში თვალახვეულ უიღურ პატიმრებს ასახავს

ანონიმურმა პირმა გასულ კვირას ონლაინ გაავრცელა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის დასავლეთით, სინძიანის რეგიონში დაკავებულ მუსლიმ იუღურებს ასახავს.

ვიდეოში ასობით კაცს თვალი აქვს ახვეული. მათ ფორმები აცვიათ, რომელზეც "კაშგარის საპყრობილე" აწერია. მათ თავები გადაპარსული აქვთ, ხელები ზურგსუკან შეკრული და მუხლებზე არიან დაჩოქილი რკინიგზის მახლობლად მდებარე მოედანზე.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვიდეოს ავთენტურობა და გადაღების დრო. დასავლელი ექსპერტების ვარაუდით ვიდეო 2018 წლის აგვისტოშია გადაღებული. კიდევ ერთი ვარაუდით ის მიმდინარე წელს კაშგარიდან კორლაში 500-მდე პატიმრის გადაყვანას ასახავს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ მათი მოსაზრებით ვიდეო ავთენტურია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიის კითხვებს არ პასუხობენ.

ჩინეთში პატიმრების ტრანსპორტირებისას მათთვის თვალების ახვევა ჩვეული პრაქტიკაა. უცნობია ვიდეოში ასახული პირების დაკავების მიზეზი. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ ის ასახავს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევას, განსაკუთრებით კი სინძიანის პროვინციაში ეთნიკურად უიღურების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

სინძიანში ჩინეთის ქმედებები დაგმეს აშშ-მა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, თუმცა ზოგიერთი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ბიზნესს აწარმოებს მკაცრი კრიტიკისაგან თავს იკავებს, მათ შორის პაკისტანი, კატარი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

კომენტარები