პორტუგალია

პორტუგალიის არჩევნებში პრემიერმინისტრ კოსტას სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

ანტონიო კოსტა
AFP

პორტუგალიაში საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება პრემიერმინისტ ანტონიო კოსტას სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა.

მიუხედავად გასული არჩევნების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, მათ უმრავლესობის მოპოვება კვლავ ვერ შეძლეს და მოსალოდნელია, რომ კოალიციას კვლავ ულტრა-მემარცხენე პარტიებთან ჩამოაყალიბებენ და სოციალისტურ უმცირესობის მთავრობას შექმნიან, რომელიც პორტუგალიას ბოლო 4 წელია მართავს.

"სოციალისტურმა პარტიამ ამ არჩევნებში აშკარა გამარჯვება მოიპოვა და გააძლიერა მისი პოლიტიკური პოზიცია. პორტუგალიელებს ახალი, უფრო ძლიერი სოციალისტური მთავრობა სურთ, რომელიც სტაბილურად მართავს ქვეყანას." თქვა კოსტამ შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ამ დროისათვის დათვლილია უბნების 99%. არსებული შედეგებით სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 36.6% მიიღო, მაშინ, როდესაც 2015 წლის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა 32.3%-ით. მაჯერად მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული სოციალ დემოკრატიული პარტიაა 27.9%-ით რაც მათთვის 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კონსერვატიულმა ქრისტიან დემოკრატიულმა-სახალხო პარტიამ (CDS-PP) ხმათა 4.2% მიიღო. 2015 წელს სოციალ დემოკრატიული პარტია და სახალხო პარტია არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობდნენ და ხმათა 36.9% მიიღეს.

დაეცა პორტუგალიის კომუნისტური პარტიის რეიტინგიც. მათ მხოლოდ 6.5% მიიღეს, რაც პარტიის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 2015 წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

მესამე ადგილი კვლავ მემარცხენე ბლოკმა დაიკავა 9.7%-ით.

კომუნისტური პარტია და მემარცხენე ბლოკი 2015 წლიდან კოსტას მთავრობას უჭერენ მხარს. პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ ამჟამადაც მზად არიან კოსტასთან ითანამშრომლონ, თუმცა ამისათვის გარკვეულ პირობებს აყენებენ, მათ შორის ხელფასების და საზოგადოებრივი ხარჯების ზრდას და შრომითი უფლებების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩატარებული გამოკითხვები კოსტას პარტიას უმრავლესობის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მათი რეიტინგი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეარყია. ყოფილ მინისტრს პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არმიის ბაზიდან კრიმინალური დაჯგუფების დახმარებით იარაღი მოიპარეს.

კომენტარები