ვანო ზარდიაშვილი

თალაკვაძე: ზარდიაშვილს მანდატის დატოვებაზე ვესაუბრე, ვიცი მისი გეგმები, ცოტა ხანში გაიგებთ

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილთან მის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვების შესახებ საუბარი ჰქონდა და მისი გეგმების შესახებ იცის, თუმცა ამის შესახებ თავას ზარდიაშვილმა უნდა ისაუბროს. "ცოტა ხანში თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი," - უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს. 

"ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი არ არის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც საერთოდ ჩვენი გუნდი მუშაობს. დეპუტატის მანდატიც და სხვა თანამდებობაც არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი," - ამბობს თალაკვაძე. 

TV პირველის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემა დღის ამბებში გავრცელდა. 

დეპუტატი ვაზო ზარდიაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა სესიებსა და კომიტეტის სხდომებს არ ესწრება. 

პირველი ესაუბრა ვანო ზარდიაშვილსაც. მანდატის დატოვებაზე დასმულ კითხვაზე ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. "არა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს",— განაცხადა ზარდიაშვილმა TV პირველთან საუბარში.

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, დეპუტატი ქართული ოცნების წევრია. 

კომენტარები