დაგროვებითი საპენსიო სისტემა

ბაქრაძე: მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს აძლევს დღევანდელ პენსიონერს

ევროპული საქართველოს დეპუტატის, დავით ბაქრაძის, თქმით, პარტია შემოდგომაზე საპენსიო რეფორმის ახალ გეგმას წარადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც დაგროვებით პენსიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, ასევე დღევანდელი პენსიონერებისთვის პენსიის 50-ლარიანი გაზრდა. 

ამის შესახებ ბაქრაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში პენსიონერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც პენსიონერები მას მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ესაუბრნენ. 

"მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს აძლევს დღევანდელ პენსიონერს, რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს ცხოვრება გაძვირებული გაზრდილი ფასების ფონზე. ასაკოვანი ადამიანების მიხედვა და პენსიების გაზრდა სახელმწიფოს აუცილებელი პრიორიტეტი უნდა იყოს," - ამბობს ბაქრაძე. 

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24.000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24.000 ლარზე მეტი და 60.000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია ხელფასის, ასაკის და სქესის მითითებით მომავალი დაგროვილი პენსიის დაახლოებითი ოდენობის გაგება.

ამავე თემაზე, წაიკითხეთ ტაბულას სტატია არქივიდან: საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება.

კომენტარები