დაგროვებითი საპენსიო სისტემა

საპენსიო ბენეფიციარებს აქტივების მმართველი კომპანიის არჩევა აღარ შეეძლებათ – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი განიხილება, რომელიც "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას, მათ შორის მონაწილეთათვის აქტივების მმართველი კერძო კომპანიის არჩევის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ბენეფიციარებს არ ექნებათ უფლება, თავიანთი აქტივები საპენსიო ფონდიდან აქტივების მართვის კერძო კომპანიაში გადაიტანონ და არსებულ კანონში გაუქმდება 29-ე მუხლი, სახელწოდებით "აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) არჩევის უფლება".

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, "კანონპროექტი ითვალისწინებს 29-ე მუხლის ამოღებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი თუ გამოიყენებს სხვა აქტივების მმართველის არჩევის უფლებამოსილებას, იმდენად რამდენადაც საპენსიო აქტივების მართვა გრძელვადიანი პროცესია და მისი ამონაგების საწყის ეტაპზე შეფასება რთულია". 

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აქტივების მმართველი კომპანიები (ამ ეტაპზე საქართველოში ასეთი 8 ფირმაა აქტიური) მნიშვნელოვნად არ დაზარალდებიან, რადგან პროექტი 28-ე მუხლს ინარჩუნებს, რომელიც მმართველობითი საბჭოს მიერ აქტივების კერძო კომპანიისთვის ჩაბარებას, "აუთსორსინგს", გულისხმობს.

"როგორც აღინიშნა მათ უნარჩუნდებათ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, აღნიშნული კი გულისხმობს აუთსორსს, რა შემთხვევაშიც მონაწილის არჩევანი არ წარმოადგენს ფაქტორს, შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა აუთსორსული მომსახურება გაუწიონ საპენსიო ფონდს". - წერია განმარტებით ბარათში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს ბენეფიციარებისთვის აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის უნარს არაეფექტურს, ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეს გაზრდილ რისკებთანაა ასოცირებული და განმარტებით ბარათზე მიუთითა. მისი თქმით, ამის შესახებ მთავრობას საერთაშორისო კონსულტანტებმა ურჩიეს, თუმცა მათი ვინაობა არ გაამჟღავნა.

"კი ბატონო, გეტყვით... ალბათ, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი რამდენად ეს სურთ მათ, რომ გაზიარებული იყოს". - თქვა დავითაშვილმა

წარდგენილი კანონპროექტის მთავარი იდეას საპენსიო სააგენტოს მასშტაბური რეფორმა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ორი საბჭოს, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების ნაცვლად, იქნება ცენტრალური "მმართველობითი საბჭო", რომელსაც დაგროვებითი პენსიის სქემის ერთიანი მართვა დაევალება.

"არსებულ სტრუქტურაში არ ხორციელდება საპენსიო სქემის ერთიანი მართვა და მისი ჰოლისტიკური ზედამხედველობა. დაგროვებითი მმართველობითი სისტემის ეფექტური, სწორი და სათანადო მმართველობითი სტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ემსახურება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს". - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, "მმართველობით საბჭოში" არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი უნდა იყოს.

"9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს". - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებები საინვესტიციო ლიმიტებსაც ეხება.

"საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%-მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი". - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, კანონპროექტით, "საპენსიო სააგენტოს" სახელი შეეცვლება და "საპენსიო ფონდი" დაერქმევა.

კომენტარები