სანქციები რუსეთს

კანდელაკი: მთავრობაზე უნდა გაიზარდოს წნეხი, რომ რუსეთის მიმართ სანქციების კუთხით იმუშაონ

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, რუსეთისათვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის გაჩენა მნიშვნელოვანია და მთავრობაზე უნდა გაიზარდოს წნეხი, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს. კანდელაკი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი მოუწოდებენ მთავრობას დაიწყონ მოლაპარაკება აშშ-სთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

"მსურს გამოვეხმაურო მოძრაობა ლელოს მიერ ევროპული საქართველოს ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც ეხება შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაკისრებულს სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაჩენას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის წნეხი ივანიშვილის მთავრობაზე გაძლიერდეს, იმისათვის რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ამ მხრივ რამე მაინც გააკეთოს მთავრობამ, სანამ ხელისუფლებაშია," - ამბობს კანდელაკი. 

მისივე თქმით, 26 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, განსახილველ საკითხებში არის ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტი, ოკუპაციის თემის საერთაშორისო აქტუალიზაციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამ სხდომაზე, ისე როგორც მომავალში პლენარულს სხდომაზე, მთავრობაზე წნეხი იყოს მაქსიმალური, რათა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიიღოს უმრავლესობამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტს და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსებას ითვალისწინებს. მოძრაობის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ამას სათანადო პასუხი არ გასცა.

17 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული საქართველოს მომზადებული ტექსტი "პროვოკაციულია" და ისინი ამას არ წამოეგებიან. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის", ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია. პარტია ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან: 

  • რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;
  • ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;
  • ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

 

კომენტარები