თსუ

აუდიტის სამსახური: 2014 წელს თსუ-მ მისივე რექტორის წიგნები 23 829 ლარად შეიძინა

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისივე რექტორის წიგნები 23 829.13 ლარად შეიძინა. 

ანგარიშის მიხედვით, თსუ-ის ადმინისტრაციამ შესაბამისი ბრძანებები 2014 წელს გამოყო, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო (2013-2016).

აუდიტის ანგარიშში რომელიც თსუ-ს 2014-2017 წლების შესაბამისობას ეხება, წერია, რომ: 

"თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ- ის ბიბლიოთეკაში განთავსება. 

წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს". 

აუდიტის სამსახური წერს, რომ ეს შესყიდვა მოხდა, 

ზემოაღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ ის, რომ შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers. ასევე, ანგარიშის მიხედვით შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

ანგარიშში აღნიშნულია ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს.

ვლადიმერ პაპავა რექტორის თანამდებობიდან 2016 წლის 30 მარტს გადადგა, მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობის მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

კომენტარები