ევროპული საქართველო

კახიძე: ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მძიმე კრიზისშია

ტაბულა

ევროპული საქართველოს სამივე ფრაქცია დღეს, 21 სექტემბერს პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებმაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების პორტფოლიოების შეადგინეს. 

დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან მოცულობითი სამუშაო გასწიეს და დღევანდელი შეხვედრის თემა სწორედ მოსამართლეების პორტფოლიოები იქნება. 

"ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის მძიმე კრიზისში, მას მართავს პირთა გარკვეული ჯგუფი, ე.წ კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

კახიძის თქმით, მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესში ევროპული საქართველოს მთავარი მიზანი იქნება ის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და შეაფასოს, თუ რა კანდიდტაები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს ქართული ოცნების უმრავლესობა. 

"ამიტომ, ჩვენი კითხვები, რომლებიც დაესმება კანდიდატებს, იქნება გამომდინარე მათი წარსული გამოცდილებიდან, გამომდინარე მათი კომპეტენციიდან და, შესაბამისად, საზოგადოება თავად იხილავს, თავად შეაფასებს, რა კანდიდატურები გვყავს,"- ამბობს კახიძე. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" GDI წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც პორტფოლიოების ერთერთი ავტორია. მარიკაშვილის თქმით, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მათ შეძლეს შეესწავლათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფინანსური, აკადემიური, პროფესიული საქმიანობის მიმართულებები. 

"ამ პროექტის ერთერთი ღირებულება არის ის, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია პორტფოლიოებში, საჯარო წყაროებში მართალია არსებობს, თუმცა ასეთი სისტემატიზებული არ არის და ვთვლით, რომ ასე უფრო აღქმადი და გასაგები იქნება საზოგადოებისთვის თითოეულ კანდიდატზე, თუ რას საქმიანობენ ისინი, როგორია მათი ფინანსური საქმიანობა, რამე ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ არსებობს მათსა და სხვა პირებს შორის,"- ამბობს მარიკაშვილი. 

იურისტის შეფასებით, პორტფოლიოების შეჯამების სახით შეიძლება ითქვას ის, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც გასაუბრებების დროს ელემენტარულ კითხვებსაც კი ვერ გასცეს პასუხები და ზოგადი ტენდენციით იკვეთება, რომ მოსამართლე კანდიდატები კონსტიტუციისგან ძალიან შორს არიან და მას სამართალწარმოების პროცესში არ იყენებენ. 

"ასევე არიან კანდიდატები, რომელთა მიმართებაშიც, მაგალითად, პრემიერმინისტრს 2016 წელს გაცხადებული აქვს ის, რომ მისი გადაწყვეტილება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით იყო გარკვეულწილად დივერსია სასამართლოს მხრიდან და მან პასუხი უნდა აგოს საზოგადოების წინაშე. ლაშა გოჩიაშვილია ასეთი მოსამართლე," - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 19 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის პორტფოლიო გამოქვეყნდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. 

---

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ნომინირებულები არიან:

თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძემ მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორ მიმდინარეობდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები