საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კრიტიკას უპასუხა და მიუკერძოებლობის ხელყოფასა და უწყების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
გენერალური პროკურატურის თქმით, განსაკუთრებულად ბოლო წლების განმავლობაში, სახალხო დამცველს პროკურატურაში დაუბრკოლებლად შეუძლია გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუმცა, მათივე თქმით, ნინო ლომჯარია "ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით, რაც კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას სცილდება".
გენერალურმა პროკურატურამ ლომჯარიას პარლამენტის ტრიბუნიდან მოწოდება, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ჰქონდეთ წვდომა, კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ცდება სახალხო დამცველის უფლებამოსილებას.
"რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მხრიდან გენერალური პროკურორის ვალდებულებათა განსაზღვრას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას, რადგან საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის წესი და ანგარიშის შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც მნიშვნელოვნად ცდება მის უფლებამოსილებას,"- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას თქვა, რომ პარლამენტმა უნდა განიხილოს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული ანგარიში, შეაფასოს სიცოცხლის უფლებების გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა და რეკომენდაციები მისცეს პროკურატურას.
"დღეს პროკურატურას ეფექტური საგამოძიებო პროცესი, მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სჭირდება,"-თქვა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში.
ასევე, მან გამოთქვა ინიციატივა, რომ გაიზარდოს მანდატი და წვდომა ჰქონდეთ "მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებითაც, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად".





