შეწყალება

ლომჯარია შეწყალებაზე: თუ პრეზიდენტი არ წარმოადგენს მეტ ინფორმაციას, გამოძიება უნდა დაიწყოს

ტაბულა

"მე ვფიქრობ, რომ ის განმარტება, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა არ არის საკმარისი," - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინ, 18 სექტემბერს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სახალხო დამცველის თქმით, პრეზიდენტმა ან ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დამატებით არგუმენტები, რა პროცესი გაიარა ამ შეწყალებამ, ვინ იყო ინიციატორი და რა არგუმენტაცია ედო საფუძვლად.

"მართალია, შეწყალება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მაგრამ ასევე ადამიანის უფლებათა სამართალი და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ამბობს, რომ სიცოცხლის უფლების მოსპობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს ადეკვატური და სასჯელი არ უნდა იყოს არაგონივრულად ლმობიერი,“ – ამბობს სახალხო დამცველი.

​სახალხო დამცველის თქმით, როდესაც მკვლელობაში მსჯავრდებულ პირს იწყალებენ, მაშინ როცა მას არ აქვს მოხდილი საკმარისი სასჯელი, ეს უთანაბრდება არაგონივრულად ლმობიერ სასჯელს და იმას, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქე და ვერ აგებინა დამნაშავეს პასუხი სამართლიანად. 

"ამიტომ, თუ არ გვექნება ჩვენ მეტი ინფორმაცია და პრეზიდენტი არ წარმოადგენს უფრო მეტ ინფორმაციას, რა არგუმენტაციას ეყრდნობოდა და რა პროცესი გაიარა მან ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის,“ – თქვა ლომჯარიამ.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება".

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს.

კომენტარები