უზენაესი სასამართლო

კონსტიტუციის 42-ე მუხლი: მოსამართლეობის კანდიდატთა გამოტანილი განაჩენები უნდა გასაჯაროვდეს

Freedom

კონსტიტუციის 42-ე მუხლი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა გადაწყვეტილებები (განაჩენები) გაასაჯაროოს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20-კაციანი სია საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. სიაში 14 კანდიდატი საერთო სასამართლოების ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეა. 

"კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინებების) გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა საქალაქო სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ "ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება".

საზოგადოებას შევახსნებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებ გვერდზე.  

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით 1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ისეთ საფუძველს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვის და მონაცემთა ბაზაში განთავსების არ არსებობა. 

იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის "უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურებს" დაანონსა და ასევე გაკეთდა განცხადებები, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიადტებს "მიკროსკოპით დააკვირდება",  კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისირებაზე ყველაზე უკეთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ნომინირებულები არიან:

თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძემ მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

კომენტარები