ეკონომიკა

თურნავა ანაკლიის პორტის პროექტზე: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს

კომერსანტი

საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყანას დიდი ხანია ჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. 

თურნავას თქმით, წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა და ეს ზრდა ქმნის ყველა წინაპირობას ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარებისთვის. 

"უნდა ითქვეს, რომ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობა იზრდება. გაანსაკუთრებით ეს აისახა საკონტეინერო ტვირთებზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ზრდა 37%-ია. ეს არის ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. აქ არ შემიძლია არ შევეხო, ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას საკონტეინერო გადაზიდვების ესეთი მაღალი ზრდა გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა საპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწარაფად განვითარებისთვის", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ასრულებს. თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.

"პირველ რიგში, ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ქვეყანას დიდი ხანია ჭირდება ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა. აქედან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. ჩვენი დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს იმედი გვაქ, რომ ისინი დროულად შეძლებენ ვალდებულებების შესრულებას".

 

კომენტარები