სამთავრობო ცვლილებები

დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

ტაბულა

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება - პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ფრაქციები მოუსმენენ.

7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების ფრაქციები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს გადადგა. 3 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

კომენტარები