საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი: პარლამენტში საშვების დაშვების შეზღუდვა აბსოლუტურად ადეკვატურია

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში საშვების დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია, ხოლო გუშინ პარლამენტში განვითარებული მოვლენები - პარლამენტისთვის შეუფერებელი ფორმატი.

"პარლამენტის თავჯდომარე აკონტროლებს არსებული რეგლამენტით ამ ვითარებას, გუშინ ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ საშვების სისტემა გამოიყენოს, რათა ჩაშალოს, დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს. ეს არ არის პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი და თქვენ გახსოვთ არასოდეს, არცერთხელ ასეთი განხილვების დროს არ ჰქონიათ შეზღუდვა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ პირებს.ოპოზიციური შეძახილებიც კი ხშირად გაისმოდა პარლამენტში, მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა, ადამიანებს, რომელსაც ხელიდან წაართვეს კეტი, რომელსაც თავში ურტყამდნენ თავის თანამოქალაქეებს, დღეს სასტვენი გაუხდათ ალტერნატიულ იარაღად. ეს დაუშვებელია და ვფიქრობ რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია",- თქვა გია ვოლსკიმ.

პარლამენტში კომიტეტების მოსმენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღესაც შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

პალამენტის საშემოდგომო სესია გუშინ, 3 სექტემბერს გაიხსნა. სხდომა მოქალაქეთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, მოქალაქეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან სირცხვილის დერეფნები მოაწყვეს და რამდენიმე მათგანს, რომელსაც საშვი ჰქონდა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

კომენტარები