გლობალური ეკონომიკა

ფანჯარა მსოფლიოში — ჰონგ-კონგის საციცოხლო მნიშვნელობა ჩინეთისთვის

ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა და ამ კუთხით აშშ-ს მთავარი კონკურენტია. ამავდროულად, ჩინეთი არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ არადემოკრატიული პოლიტიკური სისტემის პირობებში დროის მოკლე მონაკვეთში უდიდეს ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია.

ერთი შეხედვით ჩინეთის მაგალითი ამტკიცებს, რომ გამდიდრებისთვის არ არის აუცილებელი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, დამოუკიდებელი სასამართლო და ლიბერალური ბიზნეს კლიმატი და თუმცა სინამდვილეში ასე არ არის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის სწრაფ გამდიდრებაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ, ჰონგ-კონგმა შეასრულა. დასავლურ მოდელზე მოწყობილმა თავისუფლების კუნძულმა, რომელიც ჩინეთისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

დღეს ჩინეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ორმხრივია. საუბარია, წელიწადში ასობით მილიარდ დოლარზე და ამ თანხების უდიდესი ნაწილი სწორედ, ჰონგ-კონგის გავლით მოძრაობს. ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების 60%-ი ჰონგ-კონგიდან იღებს სათავეს. კიდევ უფრო დიდი, 70%-ია ჰონგ-კონგის წილი მოზიდულ კაპიტალში.

ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნებიდან 20 წლის შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთი სულ უფრო აქტიურად ზღუდავს თავისუფალი ქალაქის ავტონომიას, ახდენს ძალის დემონსტრირებას და ამზადებს ტანკებს უკმაყოფილების ჩასახშობად.

ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლოა დაიხუროს ჩინეთის ფანჯარა, რომლითაც თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობს. ეს პერსპექტივა დიდ რისკებს შეიცავს არამხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც.

ერთი ქვეყანა — ორი სისტემა

მას შემდეგ, რაც 1997 წელს ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უარი თქვა ქალაქი კომუნისტურ სისტემაზე გადაეყვანა და ქალაქს ავტონომია შეუნარჩუნა. ეს გადაწყვეტილება დიდწილად ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის მთავარი შემოქმედის, დენ სიაოპინის ინტელექტუალური მემკვიდრეობით იყო განპირობებული.

მატერიკისგან განსხვავებით, ჰონგ-კონგში მოქმედებს განსხვავებული პოლიტიკური სისტემა, განსხვავებული კანონმდებლობა, ქალაქს შეუნარჩუნდა სიტყვის, შეკრების, მანიფესტაციისა და აღმსარებლობის თავისუფლება. სასამართლო სისტემა დამოუკიდებულია და ბრიტანული მოდელით მოქმედებს.

ჰონგ-კონგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი და დამოუკიდებელი წევრია. ქალაქს გააჩნია საკუთარი ვალუტა, დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა და ფინანსური რეგულირების სისტემა.

ამ თავისუფალი და შეიძლება ითქვას უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მეშვეობით, ჰონგ-კონგი ერთმანეთთან აკავშირებს კომუნისტურ ჩინეთსა და დემოკრატიულ დასავლეთს. ქალაქი ერთგვარი ხიდია ორ სისტემას შორის, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს დაბრკოლებების გარეშე ივაჭრონ ერთმანეთთან. ჰონგ-კონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ფინანსური ცენტრია, ვინაიდან აქ დაცულია კაპიტალი,  ჯანსაღი კონკურენციის წესები და კანონის უზენაესობა. 

ჰონგ-კონგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის წყალობით, ქალაქი ნიუ-ორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიოს, სიდიდით მესამე ფინანსური დედაქალაქია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰონგ-კონგი მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქალაქად დასახელდა.

იგივე რეიტინგში ჩინეთი მხოლოდ მეასე ადგილს იკავებს. ბოლო წლების განმავლობაში ჰონგ-კონგის მთავარი კონკურენტი სინგაპურია. მათ შორის სხვაობა ბოლო წლებში სულ უფრო მცირდება.

"მტკიცე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ჰონგ-კონგი დაკარგავს თავის უნიკალურ უპირატესობებს, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრად იქცა. აზიაში ბევრი ქალაქია დაბალი გადასახადებით და მინიმალური ბარიერებით. თუ ჰონგ-კონგში გაუარესდება ინვესტიციების და პირადი საკუთრების დაცვის ხარისხი, საერთაშორისო ბიზნესი ჰონგ-კონგიდან გასვლას დაიწყებს, ეს კი ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეარყევს, ხოლო ჩინეთი დასავლეთთან დამაკავშირებელი ფინანსური ხიდის გარეშე დარჩება", — აცხადებს Heritage Foundation-ის ექსპერტი, ტერი მილერი.

ჩინეთისა და აშშ-ს ომის მეორე ფრონტი

უნდ ითქვას, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის გამო, ჰონგ-კონგის ეკონომიკას გარკვეული სირთულეები უკვე შეექმნა. თავის მხრივ, ჰონგ-კონგი ამ დაპირისპირებაში უშუალოდ არ არის ჩართული, ვინაიდან აშშ ჰონგ-კონგს ჩინეთისგან დამოუკიდებელ ეკონომიკურ პარტნიორად აღიქვამს.

გარდა იმისა, რომ ჰონგ-კონგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამოუკიდებელი წევრია, აშშ-სა და ჰონგ-კონგის ურთიერთობები სპეციალური კანონით არის გამყარებული. კანონი ამერიკაში 1992 წელს, ჩინეთის შემადგენლობაში ქალაქის დაბრუნებამდე ხუთი წლით ადრე მიიღეს.

ამიტომაც, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფები და შეზღუდვები საავტორო უფლებებზე და ტექნოლოგიებზე ჰონგ-კონგზე არ ვრცელდება.

ჰონგ-კონგსა და აშშ-ს განსაკუთრებული ურთიერთობების მიუხედავად, სავაჭრო ომმა ქალაქის ეკონომიკაზე საგრძნობი გავლენა იქონია. ჰონგ-კონგის გავლით მიმავალი ფულის მოცულობა ბოლო პერიოდში შემცირდა. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე დასავლური კომპანიები ჩინეთიდან საკუთარი ინვესტიციების გატანაზე ფიქრობენ, ხოლო ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელების გამო, მატერიკიდან ინვესტიციების რაოდენობა გამუდმებით კლებულობს.

იმ შემთხვევაში თუ კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქალაქში, პროტესტი ჩასახშობად გამოყვანილი ტანკები გამოჩნდება, ეს შესაძლოა ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების ახალ ფრონტად იქცეს.

თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰონგ-კონგი საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარა, აშშ-ს სენატში მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ყოფილ ბრიტანულ ტერიტორიას ყველა ეკონომიკური პრივილეგია ჩამოერთმევა. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერ ხისტი მოქმედება ჰონგ-კონგის მიმართ, კიდევ უფრო გაამწვავებს აშშ-სა და ჩინეთს ურთიერთობებს.

სავაჭრო ომის გამო, გლობალური ეკონომიკში უკვე შეექმნა გარკვეული პრობლემები. ჰონგ-კონგში დაძაბულობის ახალი ცხელი კერას გაჩენა ეკონომიკურ რეალობას კიდევ უფრო დაამძიმებს

გადარჩება თუ არა ჩინეთი ჰონგ-კონგის გარეშე

უნდა ითქვას, რომ სავაჭრო ომის გარეშეც ჰონგ-კონგში გარკვეული პრობლემები არსებობდა. აქაური პორტი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილ პორტად მიიჩნეოდა ამჟამად, მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მცირდება ჰონგ-კონგის წილიც. შემოერთების მომენტში ჰონგ-კონგზე ჩინეთის მშპ-ს მეოთხედი მოდიოდა, ამ დროისთვის ქალაქის წილი 3%-მდე შემცირდა.

მიმდინარე მზარდი საპროტესტო მოძრაობის ფონზე, ქალაქის ეკონომიკის წინაშე ახალი გამოწვევები წარმოიშვა. მასიური პროტესტი, არასტაბილურობის განცდას ქმნის, ეს კი ეკონომიკისთვის დამღუპველია. ხელისუფლების წნეხის ქვეშ, კერძო კომპანიები პროტესტში მონაწილე საკუთარი თანამშრომლების დამორჩილებას ცდილობენ, რაც გახშირებული გაფიცვების მიზეზია.

ერთი შეხედვით, თუ კი ჰონგ-კონგის წილი ჯამურ ეკონომიკაში იკლებს, ვითარება არასტაბილურია, ხოლო ურთიერთობები აშშ-სთან ისედაც გაფუჭებულია, შესაძლოა ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას გაუჩნდეს ცდუნება, გამოიყენოს შექმნილი მომენტი და ქალაქი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

ჰონგ-კონგის პოლიტიკური დაქვემდებარებით ჩინეთი დაარღვევს რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას. 1997 წელს, როდესაც ქალაქი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, ჩინეთის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება შეენარჩუნებინა ტერიტორიის ავტონომია შემდეგი 50 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების დადების მომენტიდან 20 წელი გავიდა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლებას არცერთხელ არ გამოუთქვამს ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი. 

ამის გარდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, სი ძინ პინმა კომპარტიის ბოლო ყრილობაზე, ყურადღება გაამახვილა ჰონგ-კონგის უნიკალურ გამოცდილებაზე და პროცესი დადებითად შეაფასა. თავმჯდომარის პოზიცია ბევრმა დადებით სიგნალად აღიქვა.

"ჰონგ-კონგი ქვეყნის მთავარი ფინანსური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქი კაპიტალის მოზიდვის ყველაზე მსხვილი წერტილია და იგი ჩინეთის ეკონომიკისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იზიდავდა ინვესტიციებს. დღეს ქვეყნას დიდი ფულადი რესურსი გააჩინა, ხოლო ამ ფული დაბანდება სულ უფრო აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ჰონგ-კონგის გარეშე ძალიან გაჭირდება", — ამბობს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი, ჩარლზ ლი.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა მსოფლიოს უმხვილესი ბირჟების ხუთეულში შედის. ბოლო დროის განმავლობაში აქაური ბირჟის ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება შანხაის ბირჟის ზრდას, თუმცა ჯერჯერობით, ჩინური კომპანიებისთვის უცხოური სააქციო კაპიტალის მოზიდვის მთავარ წყარო კვლავაც ჰონგ-კონგის ბირჟაა.

2018 წელს ბირჟაზე 35 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაიყიდა, რაც ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე მატერიკზე მოქმედი ბირჟების ჯამური მაჩვენებელი. ამავე ბირჟაზე განათავსა საკუთარი მეორადი აქციები გაყიდვების ჩინურმა გიგანტმა, Alibaba-მ. კომპანიამ ადგილობრივ ბირჟაზე 20 მილიარდი დოლარის აქციები განათავსა.

დასავლური ტიპის ფინანსური ცენტრის არსებობა კომუნისტურ სახელმწიფოში ძალზედ მომგებიანია. აქ გაცილებით მარტივია იაფი და ბევრი ფულის მოზიდვა, რადგანაც დაცულია კაპიტალი, კერძო საკუთრება, არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა. 

დაბალ რისკებთან ერთად, ჰონგ-კონგის ფინანსური ბაზრების კიდევ ერთი უპირატესობა მცირე ბიუროკრატია და მაღალი მოქნილობაა. ჩინეთის სხვა ბირჟებთან შედარებით, ჰონგ-კონგის საფონდო ბაზრებზე აქციების განთავსებას ხელისუფლების თანხმობა და ბიუროკრატიის დიდი რგოლის გავლა არ სჭირდება.

რაც მთავარია, ჰონგ-კონგის ბირჟის მეშვეობით ნებისმიერ ჩინურ კომპანიაში ჩადებული ფულის განაღდება ყოველთვის თავისუფლად არის შესაძლებელი. აქაური ფული, ჰონგ-კონგური დოლარი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა, რომლის გაცვლითი კურსიც აშშ დოლარზე არის მიბმული. ამის საპირისპიროდ, ჩინური იუანის კურსი ჩინეთის ხელისუფლების ხელშია, ხოლო მატერიკიდან კაპიტალის გატანა მკაცრად კონტროლდება.

სწორედ, ეს აფერხებს ჩინურ ფულს, გახდეს დომინანტი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობაში. ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებს იუანს, პარტნიორებთან ანგარიშსწორების საშუალებად, თუმცა თავისუფალი მიმოქცევისთვის საჭიროა ფინანსური ინსტრუმენტების კომპლექსური სისტემა, რომელიც მხოლოდ ჰონგ-კონგს გააჩნია.

თავისუფლად კონვერტირებადი იუანის არსებობამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ხოლო ჰონგ-კონგის უნიკალური შესაძლებლობების გარეშე ეს პროცესი კიდევ უფრო შენელდება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო შეანელებს ჩინეთის ამბიციის განხორციელებას, იუანი გახდეს მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტა და უკან ჩამოიტოვოს ამერიკული დოლარი. 

წყარო: BBC

კომენტარები