რუსული ოკუპაცია

სუს-ი: საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატი სამოქალაქო პირის საფრენ აპარატს შეეჯახა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დღეს, 1-ლ სექტემბერს, ქარელის სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

სუს-მა ტაბულას უთხრა: 

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია". 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით, საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან.

მათი განცხადების მიხედვით მანამდე ანალოგიური ტიპი ქართული საფრენი აპარატები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაზვერვას საოკუპაციო ხაზთან და სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობა საკუთარ შემადგენლობაში მოიაზრებს.

მალევე დავით ქაცარავამ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ადამიანთან ერთად პატრულირებს, თქვა, რომ დრონი მისმა ჯგუფმა გაანეიტრალა. 

ტაბულასთან სატელეფონო საუბარში ქაცარავამ თქვა, რომ ისინი შეუიარაღებლები არ არიან და ცეცხლის გახსნის შესახებ ოკუპანტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ქაცარავა ადასტურებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის კუთვნილი დრონი მათი დრონით ჩამოაგდეს. მისი თქმით, ჩამოგდების გადაწყვეტილება ქართველ სამართალდამცველებთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

"ამ დრონის განეიტრალება ჩვენივე დრონით მოვახერხეთ. ჩვენი დრონი აფრინდა, ზემოდან გადაუფროინა, შეიქმნა ვაკუუმი და ეს დრონი ჩამოვარდა. ფრენა რუსულმა მხარემ განახორციელა ჩვენს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, ერთმნიშვნელოვნად ჩვენს სივრცეში. ჩვენ ეს დრონი ავიღეთ, მაგრამ პოლიციამ ძალით წაგვართვა და დაუბრუნა რუსულ მხარეს. 

ჩვენც ავფრინდით. ცოტა რთულია, დრონი დრონს დაასვა საჰაერო ფრენაში. ეს სამხედრო დრონი არ იყო. ეს იყო სამოქალაქო მოხმარების დრონი, მავიკ პლატიმიუმი. შესაბამისად, არანაირი გართულების ან რამე პროვოკაციის სახე ამას, ბუნებრივია, არ ჰქონია. მათი მხრიდან იყო ეს პროვოკაცია და დარღვევა. შესაბამისად, მოხდა ასეთი, გნებავთ ინციდენტი დავარქვათ გნებავთ საჰაერო შეტაკება. ჩვენი ჯგუფის თავზე დაფრინავდა, ჩვენს პოლიციას უღებდა კადრებს, შესაბამისად, ჩვენგან მოხდა აი ასეთი კონტრ აფრენა, რომელმაც გამოიწვია ამ დრონის ჩამოგდება", - თქვა ქაცარავამ ტაბულასთან

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით, საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან.

მათი განცხადების მიხედვით მანამდე ანალოგიური ტიპი ქართული საფრენი აპარატები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაზვერვას საოკუპაციო ხაზთან და სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობა საკუთარ შემადგენლობაში მოიაზრებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტზე რეაგირების სახით მათ ინფორმაცია ევროკავშირის დამკვირვებლებს მიაწოდეს.

"საჭიროდ მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან და მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებისათვის არ არის მოწოდებული, არამედ ორიენტირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები