ქართული ოცნება

ზარდიაშვილი ხოშტარიაზე: რა აქვს დამთავრებული იცით? გავრილოვი საიდან იყო?

ვანო ზარდიაშვილი
Facebook/Vano Zardiashvili

30 აგვისტოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის გახსნაზე "სირცხვილიას" აქტივისტები მივიდნენ. მათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს გავრილოვის პატიმრებზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს, პასუხად კი კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აქტივისტებს მიუგო, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მან ერთერთ აქტივისტს უთხრა, რომ ელენე ხოშტარიას თანაშემწეა. კამათში ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილიც ჩაერთო და აქტივისტებს ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას განათლებაზე ჰკითხა - "გავრილოვი საიდან იყო?"

"თამარ, თქვენ უფროსს რა აქვს დამთავრებული, იცით? აი, ზუსტად გავრილოვის პატიმრებზე მინდა გკითხოთ, რახან ასეთი სირცხვილიას აქცენტით გამოხვედით, თქვენს უფროსს რა აქვს დამთავრებული, გეკითხებით და მიპასუხეთ," - იკითხა ზარდიაშვილმა.

"სწავლობდა "მგიმო"-ში, დიახ," - უპასუხა აქტივისტმა, რა დროსაც ზარდიაშვილი "მგიმო"-ს ადგილმდებარეობის შესახებ ჩაეკითხა. "მგიმო" ქალაქ მოსკოვში მდებარეობს, ზარდიაშვილმა კი ეს ფაქტი ქართული ოცნების მიერ ჩამოყვანილ რუს კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს დაუკავშირა - "გავრილოვი საიდან იყო?".

აქტივისტმა ვანო ზარდიაშვილს შეახსენა, რომ სხდომა, სადაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სავარძელში სერგეი გავრილოვი დასვა, ელენე ხოშტარიამ ჩაშალა - "თუ თქვენ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს, გაქვთ გავრილოვის პატიმრებთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია, გაგვეცით პასუხი".

ქართული ოცნების დეპუტატმა ზარდიაშვილმა ისიც თქვა, რომ გავრილოვის ვიზიტზე არაფერი იცოდა - "ისე საინტერესოა, გავრილოვის ჩამოსვლაზე მე არაფერი არ ვიცოდი, გავრილოვი ისე ავიდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მე არაფერი არ ვიცოდი, მარა ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა. გავრილოვი და ხოშტარია ერთად სასწრაფოდ, უცბად მოხვდნენ სკამზე".

ვანო ზარდიაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ ელენე ხოშტარიას მოღვაწეობა რუსულ ძალებთან სინქრონულად ვითარდებოდა - "ელენე ხოშტარია და მისი თანშემწეები მაინც და მაშინ აქტიურდებიან ისინი... თუ დააკვირდებით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობას აბსოლუტურად სინქრონში ვითარდება რუსულ ძალებთან ერთად. ამიტომ, როგორც გნებავთ, რავიცი, თქვენ გაანალიზეთ. მე მივმართავ საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ არც თუ ისე დამთხვევით საკითხს".

სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ცნობილი იყო 17 ივნისს. იმავე დღეს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ რუს დეპუტატების მიუღებელი განცხადების გამო საქართველოში შემოსვლას ვერ აუკრძალავდა, ევროპული საქართველოს ერთერთი წევრი გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა.

სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომას თბილისში ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც გავრილოვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა საქართველო. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი.

20 ივნისის აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, ხოლო აქციის 19 მონაწილე. 27 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც 7 მათგანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა ისინი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები